ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა
ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა

ხარკოვის რაიონის ქალაქ ლოზოვაიაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, მათ შორის 11 წლის გოგონა. აღნიშნულის შესახებ ხარკოვის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. მისი თქმით, ქალაქ ლოზოვაიას მიმართულებით რუსებმა სამი რაკეტა ისროლეს, რომელთაგან ორი ანტისარაკეტო სისტემამ ჩამოაგდო, ერთი კი, კულტურის სახლს დაეცა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი.

„დარტყმის შედეგად, რვა ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არის 11 წლის გოგონა. კულტურის სახლზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ჩვენი მამაცი მეხანძრეების წყალობით, ხანძარი ლიკვიდირებულია. ასევე დაზიანდა ახლოს მდებარე მრავალსართულიანი სახლები.

ეჭვგარეშეა, რომ ოკუპანტები კულტურის სახლს უმიზნებდნენ. ის ხარკოვის ოლქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იყო, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩაუტარდა რესტავრაცია“, – განაცხადა სინეგუბოვმა.

მისივე თქმით, ყველა დაშავებული ჰოსპიტალიზებულია, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.