ხარკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან დაბომბვების შედეგად, თითქმის სრულად არის განადგურებული ქალაქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა
ხარკოვის მერი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან დაბომბვების შედეგად, თითქმის სრულად არის განადგურებული ქალაქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა

ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, რუსეთის მხრიდან დაბომბვების შედეგად თითქმის სრულად არის განადგურებული ქალაქის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. მისი თქმით, რუსეთი იყენებს შორ რადიუსზე მოქმედ რაკეტებს, რომელთაც 90 კილომეტრის დაფარვა 40 წამში შეუძლიათ. რუსეთი ამ ჭურვებს ბელგოროდიდან და სხვა ოლქებიდან უშვებს.

ამასთან, ყველაზე ხშირად C-300 კომპლექსები გამოიყენება.

„მე არ ვიცი მტრის გეგმები. უკვე განადგურებულია, პრაქტიკულად, მთელი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე დანგრეულია კერძო ინფრასტრუქტურაც. რუსეთს ჩვენი შეშინება სურს, მაგრამ ეს შეუძლებელია. ორი წლის განმავლობაში ჩვენ საფრთხის სხვადასხვა დონე ვიხილეთ – დაწყებული დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფებიდან თავად ხარკოვში. იყო დრო, როდესაც თითქმის ორმილიონიანი ქალაქიდან 300 ათასი დარჩენილა, თუმცა ხელები არავის ჩამოუშვია. ჩვენ უფრო მძიმე პერიოდიც გადაგვიტანია და ამასაც გადავიტანთ“, – განაცხადა იგორ ტერეხოვმა.