ხარაიშვილი „საბურთალოში“ ივარჯიშებს - ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაში თამაშია
ხარაიშვილი „საბურთალოში“ ივარჯიშებს - ჩემი ოცნება ჩემპიონთა ლიგაში თამაშია
„თბილისში ორიოდე დღე დავისვენებ, მერე კი ინდივიდუალური პროგრამით მოვემზადები, რომელიც კლუბიდან გამომატანეს. ამ ორი დღის შემდეგ კი ფორმის შესანარჩუნებლად „საბურთალოსთან“ ერთად ვივარჯიშებ“ – განაცხადა შვედური „გიოტებორგისა“ და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ხარაიშვილმა პირველი არხის გადაცემა „ტაიმ აუტში“ სტუმრობისას.
ფეხბურთელის თქმით, გერმანულ გრანდში თამაშზე ოცნებობს: „ბავშვობიდან ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე ვოცნებობ. როგორ წარიმართება ჩემი კარიერა, ეს არ ვიცი, მაგრამ ფეხბურთელი ვარ და უკეთეს ჩემპიონატში გადასვლა მინდა. რაც შეეხება საოცნებო კლუბს, მიუნხენის „ბაიერნში“ თამაში ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა“.
მისი თქმით, შვედურ კლუბში ახალ ამპლუას კარგად შეეგუა: „შვედეთში ჩასულს მწვრთნელმა პოზიცია შემიცვალა და ნახევარმცველი თავდამსხმელად დამაყენა. ეს თავიდან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ ახლა ძალიან მომწონს და თავს კომფორტულად ვგრძნობ“.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი შვედეთის ჩემპიონატის წლის სიმბოლურ ნაკრებში ფეხბურთის სტატისტიკის საერთაშორისო ვებ-გვერდმა, „სოფასქორმა“ დაასახელა. დასრულებულ სეზონში „გიოტებორგში“ ხარაიშვილმა 28 შეხვედრაში შვიდი გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა გააკეთა. ტურის სიმბოლურ ნაკრებში კი ოთხჯერ მოხვდა.