ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია ითვლის. წინასწარი შეფასებით, ზარალი დაახლოებით ერთ მილიონ ლარს შეადგენს.

ზარალის დათვლის პარალელურად მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. პირველ ეტაპზე სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი შემოვლითი გზა გაიწმინდა, სადაც სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. მონაკვეთის აღდგენის შემდეგ ორი სოფლის მოსახლეობა ცენტრალური გზის მოწესრიგებამდე ადმინისტრაციულ ცენტრს აღნიშნული მონაკვეთით დაუკავშირდება. გარდა ამისა, შლამისგან გაწმენდილია სოფელ ლეღვანიდან მარელისი-კაპნარი-კელასოურის უბანში შემავალი ხიდი და სანიაღვრე არხები.

რაც შეეხება ელექტროენერგიის მიწოდებას, აღდგენითი სამუშაოების ჩატარების შედეგად დენი ყველა ოჯახს მიეწოდება და ამ კუთხით პრობლემა აღარ არსებობს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკო თოფურიძე სტიქიის ზონაში იმყოფებოდნენ და ადგილზე შეხვდნენ დაზარალებულ მოსახლეობას. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ შესაძლებლობის ფარგლებში დახმარებას დაპირდნენ.