ხარაგაულში იხსნება ზრდასრულთა განათლების ცენტრი კონცეფციით „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“
ხარაგაულში იხსნება ზრდასრულთა განათლების ცენტრი კონცეფციით „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) საქართველოს ოფისის ორგანიზებითა და დაფინანსებით, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ხარაგაულში ახალი ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულება ზრდასრულთა განათლების სფეროს განვითარება-გაძლიერება და პროფესიული კადრების ჩამოყალიბების ხელშეწყობა იქნება. განათლების ახალი ცენტრი დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს სხვადასხვა მიმართულებით უფასოდ აიმაღლონ კვალიფიკაცია და გახდნენ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი.

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრს ოფიციალურად გახსნიან DVV International-ის კავკასიის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და თურქეთის რეგიონული დირექტორი მაია ავრამოვსკა, DVV International-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლალი სანთელაძე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის წარმომადგენლები და მიწვეული სტუმრები.

სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ინიციატივით 2006 წლიდან საქართველოს შვიდ რეგიონში ზრდასრულთა განათლების 10 ცენტრი დაარსდა ახალციხესა და ახალქალაქში (სამცხე-ჯავახეთი), დაბა ჯვარსა და სენაკში (სამეგრელო), ქედაში (აჭარა), ჩოხატაურში (გურია), ლელიანში (კახეთი), კოდასა და შაუმიანში (ქვემო ქართლი), ამბროლაურში (რაჭა), რომელთა მიზანია საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გახდეს არაფორმალური განათლების მთავარი კონცეფცია „სწავლა მთელი სიცოცხლის მანძილზე“.

24 აპრილს საქართველოში არსებულ 10 ზრდასრულთა განათლების ცენტრს ხარაგაულში მე-11-ე ზრდასრულთა განათლების ცენტრი შეემატება, სადაც ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, პიროვნული განვითარებისა და პროფესიული განათლების კურსები გაიარონ უფასოდ და სხვადასხვა სოციალურ, კულტურულ თუ სამოქალაქო აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა. ცენტრებში გახსნილი პროფესიული და პიროვნული განვითარების კურსებზე ადგილობრივი სოციალურად დაუცველი მოსახლეობა თანამედროვე ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებსა და ხელობებს ეუფლება, ან უკვე არსებულ პროფესიაში იმაღლებს კვალიფიკაციას; იძენს ახალ უნარებსა და ცოდნას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს მათი დასაქმების შანსებს. ცენტრების წლიური ანგარიშები აჩვენებს, რომ ბენეფიციარების ასაკი 4-დან 87 წლამდე მერყეობს.