ხანძრის შემდეგ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახელწოდებას იცვლის
ხანძრის შემდეგ სასტუმრო „ლეოგრანდი“ სახელწოდებას იცვლის

სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდი“ სახელწოდებას იცვლის. ამის შესახებ პირველ არხს „ლეოგრანდის“ იურისტმა კახა წერეთელმა განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება სასტუმროს მეპატრონემ გარდაცვლილთა და დაზარალებულთა ოჯახებთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„გუშინ შევხვდით დაზარალებულების ოჯახებს, მათ სასტუმროს მეპატრონესთან ისაუბრეს, ოჯახები ამბობენ, რომ ძალინ მძიმეა, როდესაც სასტუმროსთან გაივლიან და ამ წარწერას შეხედავენ, ამის გათვალისწინებით მეპატრონემ მიიღო გადაწყვეტილება, სასტუმრო და სამორინე „ლეოგრანდმა“ ამ სახელწოდებით საქმიანობა შეწყვიტოს“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

რაც შეეხება „ლეოგრანდში“ მომხდარ ხანძარზე ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენებას, როგორც კახა წერეთელი ამბობს, ამ ეტაპზე, აღნიშნულ საკითხზე ახალი ინფორმაცია არ აქვთ.

„სასტუმროს მესაკუთრე კვლავ დაინტერესებულია უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანით, მას სურს ექსპერტებმა შეაფასონ სიტუაცია და დაადგინონ, რამ გამოიწვია ტრაგედია, მაგრამ ეს ყველაფერი დროში გაწელილი პროცესია. შემიძლია გითხრათ, რომ უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანაზე აქტიური კონსულტაციები ამ ეტაპზეც მიმდინარეობს“, – განაცხადა კახა წერეთელმა.