„ხალხის ძალა“ - ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს
„ხალხის ძალა“ - ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს

ვგმობთ ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ე.წ. ვიზიტს აფხაზეთში, როგორც უკიდურესად არასწორ და არამეგობრულ ნაბიჯს, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც მოძრაობა „ხალხის ძალას“ წევრები, საქართველოს პარლამენტის წევრები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, გურამ მაჭარაშვილი და მიხეილ ყაველაშვილი ავრცელებენ.

„გამოვთქვამთ იმედს, რომ ბელარუსის ხელისუფლების მიერ არ გადაიკვეთება საბოლოო წითელი ხაზი ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებში და არ მოხდება აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
ჩვენი მიზანია აფხაზებთან ძმური თანაცხოვრების აღდგენა, რისი ერთ-ერთი აუცილებელი პირობა ქართველებისა და აფხაზების კიდევ ერთი შეიარაღებული დაპირისპირების არდაშვებაა.

სწორედ მშვიდობიანი ფორმით უნდა იქნეს უზრუნველყოფილი ქართველებისა და აფხაზების სამომავლო ძმური თანაცხოვრება ერთიან ქართულ სახელმწიფოში.​ ​ამ მიდგომიდან და მიზნიდან ვერ უნდა გადაგვახვევინოს ვერავითარმა პროვოკაციამ, საიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს ის“,- აღნიშნულია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა, სადაც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა და საგარეო უწყებაში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარა.