ხადორჰესი გარესამყაროსაა მოწყვეტილი [ვიდეო-ფოტო]

პანკისის ხეობაში, ხადორჰესთან და სოფელი ხადორთან მეწყერი ჩამოწვა. მთიდან ჩამოშლილმა მიწის მასამ საავტომობილო გზა დაფარა და ჰესი და ოთხი კომლით დასახლებული სოფელი ხადორი გარესამყაროს მეორე დღეა, მოწყვეტილია.

როგორც ერთ- ერთმა ადგილობრივმა საქართველოს პირველ არხს აცნობა, მეწყერთან ერთად, ადიდებულმა მდინარე ალაზანმა, რომელსაც ხადორთან მდინარე სამყურისწყალიც უერთდება, მისასვლელი გზა დატბორა, მთლიანად განადგურებულია ინფრასტრუქტურა. მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მეწყერული ქანებისგან გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება, რადგან ტექნიკა ახლოს მისვლას ვერ ახერხებს.

ხადორჰესზე 20-მდე ადამიანი ვიმყოფებით, მეწყერი გუშინ ჩამოწვა და ინტერნეტიც გათიშული იყო. სანამ ალაზანი არ დაიკლებს, მეწყერისგან გზის გაწმენდა სავარაუდოდ ვერ მოხერხდება. იქ, სადაც ორი დღის წინ გზა იყო, ახლა მდინარე მოედინება. გზის სხვა მონაკვეთზე კი მეწყერი ჩამოწვა. ტყის ბილიკებით გადასვლა საშიშია, რადგან მეწყერულია და ნებისმიერ დროს შეიძლება, ჩამოიშალოს“, – ამბობს ხადორჰესის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ხადორჰესის ინფრასტრუქტურა მდინარე ალაზანმა 2005 წლის ზაფხულშიც მნიშვნელოვნად დააზიანა.