ხადას ხეობაში მკვლელობის ბრალდებით სავარაუდოდ ერთი პირია დაკავებული
ხადას ხეობაში მკვლელობის ბრალდებით სავარაუდოდ ერთი პირია დაკავებული

ხადას ხეობაში საქართველოსა და ამერიკის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი პირის და მათი ოთხი წლის შვილის მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია,- ამის შესახებ პირველ არხს დუშეთის გამგებლმა, ზურაბ სეხნიაშვილმა განუცხადა.

სეხნიაშვილის ინფორმაციით, რამდენიმედღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, ოთხი წლის ბავშვის ცხედარი ხეობაში, ჩანჩქერთან ახლოს იპოვეს.

გამგებლის განცხადებით, ადგილი სადაც ცხედარი იქნა აღმოჩენილი, შესაბამის სამსახურებს სავარაუდო დამნაშავემ მიუთითა. საუბარია ახალგაზრდა მწყემსზე.

მცირეწლოვანის ცხედარი ხეობაში დღეს იპოვეს. ბავშვის მშობლების ცხედრები კი,  რამდენიმე დღის წინ ნახეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მიმდინარე გამოძების ფარგლებში დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ორმაგი მოქალაქის სტატუსი ჰქონდათ მინიჭებული და რამდენიმე წელია, რაც საქართველოში, მარნეულში ცხოვრობდნენ.