ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა
ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ფარგლებში შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობისათვის მ.კ-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 4 ივლისს, დაახლოებით 11:30 საათზე, დუშეთის რაიონში მდებარე ხადას ხეობაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მ.კ. შეხვდა ტურისტებს: რ.მ.-ს, მის მეუღლეს ლ.ჯ.-ს და მათ 4 წლის შვილს ქ.ი.-ს, რომლებმაც სთხოვეს ეჩვენებინა მათთვის ხეობაში მდებარე ჩანჩქერი, რაზეც მ.კ. დათანხმდა. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, ერთ-ერთი ჩანჩქერის სიახლოვეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა მ.კ.-მ სანადირო თოფიდან, 4 წლის შვილისა და მეუღლის თანდასწრებით, ორჯერ გასროლით მოკლა რ.მ. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, მ.კ.-მ  ლ.ჯ.-ს და მისი მცირეწლოვანი შვილის – ქ.ი.-ს მკვლელობა გადაწყვიტა. თავის გადასარჩენად ლ.ჯ. ხევის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც  სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. ამის შემდეგ, მ.კ.-მ, 4 წლის ქ.ი. ასევე თოფიდან გასროლით მოკლა, რ.მ.-ს გვამი და გასროლილი მასრები მდინარეში გადააგდო, ხოლო ქ.ი.-ს ცხედარი, მათ კუთვნილ ნივთებთან ერთად შემთხვევის ადგილის მიმდებარედ არსებულ თოვლის ზვავის ქვეშ ბუნებრივად წარმოშობილ მცირე ზომის ქვაბულში გადამალა და შემთხვევის ადგილი დატოვა.

მ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) წარედგინა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

ბრალდების მხარემ მ.კ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მცხეთის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა.

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება. მ.კ.-სთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თექვსმეტიდან ოც წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.