ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებულ 19 წლის მწყემსს მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ. ბრალის წარდგენის შემდეგ, სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს.
19 წლის მწყემსის ადვოკატის მურმან ნიკოლეიშვილის განცხადებით, საქმის მასალების ნაწილს გაეცნო, თუმცა მისი დაცვის ქვეშ მყოფის თხოვნით, დეტალებზე არ საუბრობს.
მურმან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ბრალდებულს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.
„რაც შეეხება მის პოზიციას, მოკლედ გეტყვით, რომ ის განსხვავებულია ოფიციალური ვერსიისგან. არ ვიცით, ბრალს როდის წაუყენებენ, ეს პროკურატურის გადასაწყვეტია. საქმის მასალებიც მას შემდეგ გადმოგვეცემა სრულად, როდესაც ბრალს წაუყენებენ. თუმცა, ზოგადად, გავეცანით საქმის მასალებს და ამ ეტაპზე, გარკვეულ ინფორმაციას ვფლობთ. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს სურს ასე“, – განაცხადა მურმან ნიკოლეიშვილმა.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული ბრალს აღიარებს. მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
ხადას ხეობაში საქართველოს და ამერიკის ორმაგი მოქალაქეები, სმიტების ოჯახი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა. მოგვიანებით, ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. მათი 4 წლის შვილის ცხედარი კი, ჩანჩქერის მახლობლად დღეს აღმოაჩინეს. მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, 4 ივლისს, ხადას ხეობაში მდებარე ერთ-ერთი ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას მ.კ.-მ სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა რ.ს.-ს და მის შვილს. ხოლო ლ. ს. შემთხვევის ადგილიდან გაქცევის მცდელობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა.