კეზერაშვილის ადვოკატებმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა მოითხოვეს, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
კეზერაშვილის ადვოკატებმა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა მოითხოვეს, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ადვოკატებმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკითხვა მოითხოვეს.

როგორც გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, მოწმეები დაადასტურებენ, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის კეზერაშვილს ზიანი არ მიუყენებია და წვრთნები, რომლებიც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული, შეიარაღებულ ძალებში ჩატარდა.

მისივე განმარტებით, წვრთნებს ხელი შეუშალა აგვისტოს ომის შემდგომმა ობიექტურმა გარემოებებმა.

„ვერა ძნელაძე, მინისტრის მოადგილე შესყიდვებს და ფინანსებს კურირებდა, ასევე ზაზა გოგავას, 2007-2008 წლებში გენშტაბის უფროსის ბრძანებით მოხდა წვრთნების შესრულება. დაიკითხოს ასევე მამია ბალხაძე, სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი. ესენი დაადასტურებენ, რომ რეალურ წვრთნები აგვისტოს ომამდე ჩატარდა და ომის მერე კონტრაქტის შესრულება შეუძლებელი გახდა“, – განაცხადა მშვენიერაძემ.

მოწინააღმდეგე მხარე, თავდაცვის სამინისტრო არ დაეთანხმა შუამდგომლობას იმ არგუმენტით, რომ მხარეს ეს შუამდგომლობა პირველ ინსტანციაში არ დაუყენებია.

მოსამართლეთა კოლეგიამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ შეჯიბრებითობის პრინციპს ვერ დაარღვევენ, რადგან „მხარემ შუამდგომლობა პირველ ინსტანციაში არ დააყენა. არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს, რომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილონ“.

კეზერაშვილის ადვოკატები აცხადებენ, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია, კეზერაშვილს საქართველოში, „ფორმულას“ გარდა, ქონება არ გააჩნია და პროცესი „ფორმულას“ წინააღმდეგ არის მიმართული.

მათ მოითხოვეს ანგარიშის საქმეზე მტკიცებულებად დართვა, რომელიც 2021 წლის 7 სექტემბრის შემდეგ მედიაში კეზერაშვილზე გავრცელებულ ინფორმაციებს ეხება. ამ კვლევით ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მთავრობა კეზერაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებს, თუმცა ამ შუამდგომლობის განხილვა მოსამართლეთა კოლეგიამ მტკიცებულებათა კვლევის ეტაპზე გადადო.

29 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ „ფორმულას“ დამფუძნებელს, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა.

ამ გადაწყვეტილებით, სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი.

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას გენერალური პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვას ედავებოდა.

პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხებოდა, ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია GIRWOOD BUSINESS CORP-ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით, დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.