კევინ მაკარტიმ ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების გაგრძელებას მხარდაჭერა გამოუცხადა
კევინ მაკარტიმ ისრაელში ვიზიტისას აშშ-ის მიერ უკრაინის დახმარების გაგრძელებას მხარდაჭერა გამოუცხადა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერმა, კევინ მაკარტიმ ვაშინგტონის მიერ უკრაინის დახმარების გაგრძელებას მხარდაჭერა გამოუცხადა. ამის შესახებ მან ისრაელში ვიზიტისას პრესკონფერენციაზე რუსული სახელმწიფო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

რუსმა კორესპონდენტმა მას კითხვა შემდეგი ფორმით დაუსვა: „ჩვენ ვიცით, რომ თქვენ არ უჭერთ მხარს უკრაინისთვის შეიარაღების ამჟამინდელ ულიმიტო და უკონტროლო მიწოდებას. შესაძლებელია, რომ უახლოეს მომავალში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით ამერიკის პოლიტიკა შეიცვალოს?“

„არა, მე ხმას ვაძლევდი უკრაინისთვის დახმარებას! მხარს ვუჭერ უკრაინის დახმარებას. მე არ ვუჭერ მხარს იმას, რაც თქვენმა ქვეყანამ გაუკეთა უკრაინას, მე ასევე არ ვუჭერ მხარს თქვენ მიერ ბავშვების მკვლელობას. ჩემი პოზიციაა, რომ უნდა გაიყვანოთ თქვენი ძალები. მე არ მიმაჩნია სწორად, რაც ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას და, ვფიქრობ, მთელი მსოფლიო ხედავს, რა ხდება სინამდვილეში“, – განაცხადა კევინ მაკარტიმ რუსი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

აღსანიშნავია, რომ წარსულში კევინ მაკარტი გამოდიოდა უკრაინისთვის დახმარების ყურადღებით შესწავლის მოწოდებით, რითიც ის ეხმაურებოდა რესპუბლიკური პარტიის წევრთა რადიკალურ მემარჯვენე ნაწილს, რომლებიც კიევისთვის აშშ-ის დახმარებას აკრიტიკებდნენ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის შემდეგ ვაშინგტონმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში 35 მილიარდი დოლარის ღირებულების დახმარება მიაწოდა.