კევინ ჰამილტონი - სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა
კევინ ჰამილტონი - სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა

სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა ნატო-საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.

კერძოდ, კევინ ჰამილტონმა უპასუხა კითხვას: „თქვენ აღნიშნეთ, რომ გარკვეული შეფერხებები იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობებში. რა იქნებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ის ნაბიჯი, რასაც ნატო აღიქვამდა ურთიერთობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯად?“

„ნება მიბოძეთ, ცოტა შორიდან მოვუარო თქვენი შეკითხვის პასუხს. ალიანსისთვის რაც არის პირველი პრინციპი – სამხედრო კუთხით, ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა ნატო-სა და საქართველოს შორის ძლიერია, გრძელდება და ამ სფეროში უკუსვლა ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ პოლიტიკურ დონეზე და ხელისუფლებასთან მიმართებით ნატო-ში ზოგიერთი მოკავშირე შეშფოთებას გამოთქვამს შიდა განვითარებულ მოვლენებზე, ასევე იმ რიტორიკის მიმართ, რომელიც ნატო-ს წინააღმდეგ ნაკლებად, უფრო ევროკავშირის წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ორი ინსტიტუტი განუყოფელია, მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა ორგანიზაციაა, სხვადასხვა ინტერესის სფეროთი. ევროკავშირის 23 წევრი ასევე ნატო-ს მოკავშირეა. ასე რომ, ჩვენი იმედი, მოლოდინია, საქართველოს მთავრობა მზად არის უფრო ყოვლისმომცველ დიალოგში ჩასართავად ისე, რომ ურთიერთობები ძველ ნიშნულზე დავაბრუნოთ“, – განაცხადა კევინ ჰამილტონმა.

კიდევ ერთ კითხვაზე, – „თქვენს ამ შეშფოთებებსა და მოლოდინებთან დაკავშირებით მიიღეთ თუ არა პასუხი, მაგალითად, გუშინდელ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრისგან? – კევინ ჰამილტონმა განაცხადა:

„ნამდვილად მოვისმინე ღიაობა ამ წინადადებებზე, გამამხნევებელი იყო, რაც მოვისმინე“.