კევინ დურანტმა კარიერის დასრულების შესახებ ჭორები უარყო და „ბრუკლინის“ საწვრთნელი ბანაკის ბოიკოტირებას აპირებს #1TVSPORT
„ბრუკლინ ნეტსის“ ფორვარდმა კევინ დურანტმა უპასუხა ჭორებს კარიერის სავარაუდო დასრულების შესახებ.
ამერიკულ პრესაში გამოითქვა ვარაუდი იმაზე, რომ 33 წლის კალათბურთელი სპორტიდან წასვლას ამჯობინებს „ნეტში“ თამაშის გაგრძელებას.
„ვიცი, რომ ადამიანების უმეტესობა უჯერებს ანონიმურ წყაროებს და არა მე. მაგრამ თუ ვინმე მომისმენს, მათ ვეტყვი, რომ არ ვაპირებ უახლოეს მომავალში კარიერის დასრულებას“, – დაწერა „ტვიტერში“ დურანტმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, „ბრუკლინის მფლობელთან ჯოზეფ ცაისთან შეხვედრისას დურანტმა განაცხადა, რომ არ სურს გუნდში თამაში იქამდე, სანამ მას ხელმძღვანელობს გენერალური მენეჯერი შონ მარქსი და მთავარი მწვრთნელი სტივ ნეში. კალათბურთელმა გამოთქვა მზადყოფნა – ბოიკოტი გამოუცხადოს „ნეტსის“ საწვრთნელ ბანაკს იქამდე, სანამ მისი მოთხოვნები არ შესრულდება.
ამიტომაც, არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ „ბრუკლინმა“ თავად არ დაუშვას დურანტი საწვრთნელ ბანაკში მისი ულტიმატუმის შემდეგ, – ამის შესახებ ESPN-ის ცნობილმა ინსაიდერმა ბრაიან ვინდჰორსტმა განაცხადა.
„ერთი კვირის წინ ამას არ ვიტყოდი, მაგრამ, ახლა, როგორც ჩანს, ყველაფერი აქეთკენ მიდის“, – ამბობს ვინდჰორსტი.
იტყობინებიან, რომ „ბრუკლინის“ მფლობელმა ამ კონფლიქტში სტივ ნეშის მხარე დაიჭირა, რაც თითქმის დანამდვილებით ნიშნავს იმას, რომ დურანტს მალე სხვა კლუბში გაცვლიან.
გასულ სეზონში ფორვარდმა რეგულარულ ჩემპიონატში 55 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 29.9 ქულა, 7.4 მოხსნა და 6.4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.