კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმის მტკიცებულებაა, რომ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმის პროკურორი აცხადებს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმის მტკიცებულებაა, რომ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით არის ჩადენილი

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ადვოკატებმა პროკურატურის ყველა მტკიცებულება უდავოდ გახადეს, სამედიცინო ექსპერტიზის მიერ დღეს წარმოდგენილი დასკვნის გარდა.

სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, კესარია აბრამიძეს სიცოცხლის დროინდელი 28 ჭრილობა აქვს დანით მიყენებული. შესაბამისად, ამ დასკვნის გამცემი ექსპერტი 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე დაიკითხება.

ბექა ჯაიანი განზრახ მკვლელობას აღიარებს, თუმცა განსაკუთრებული სისასტიკით და გენდერული ნიშნით ჩადენილ მკვლელობას არ აღიარებს. ბექა ჯაიანი ასევე არ აღიარებს კესარია აბრამიძეზე სისტემატურ ძალადობას.

პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის განცხადებით, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები, მათ შორის ბრალდებულის ფარული ჩანაწერი, გამოკითხული მოწმეები ადასტურებენ, რომ ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე გენდერის და იდენტობის ნიშნით სისტემატურად ძალადობდა, ექსპერტიზის დასკვნა კი იმის მტკიცებულებაა, რომ მკვლელობა ბრალდებულმა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის იმ ნაწილით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.