კეროლაინ ლევიტი - ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავენ, ეს უზრუნველყოფს, რომ ჩინეთმა, რუსეთმა და ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა სტრატეგიულ რეგიონში აგრესია ვერ გააგრძელონ
კეროლაინ ლევიტი - ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავენ, ეს უზრუნველყოფს, რომ ჩინეთმა, რუსეთმა და ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა სტრატეგიულ რეგიონში აგრესია ვერ გააგრძელონ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი გუნდი გრენლანდიის შეძენის საკითხს აქტიურად განიხილავენ, – ამის შესახებ განცხადება თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა გააკეთა.

მისი თქმით, ეს აშშ-ის ახალი იდეა სულაც არ არის და გრენლანდიის შეძენის საკითხი 1880-იანი წლებიდანვე შეერთებული შტატებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პრიორიტეტად ითვლებოდა.

გარდა ამისა, ლევიტის განცხადებით, ეს ასევე აუცილებელია არქტიკულ რეგიონში რუსეთისა და ჩინეთის აგრესიის შესაკავებლად.

„ეს არის ის, რასაც ამჟამად პრეზიდენტი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი აქტიურად განიხილავენ. მინდა, აღვნიშნო, რომ შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის შეძენა ახალი იდეა არ არის. ეს არის ის, რასაც 1800-იანი წლებიდან მოყოლებული პრეზიდენტები ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის სასარგებლოდ თვლიდნენ. პრეზიდენტი ძალიან ღია იყო თქვენთან და მსოფლიოსთან, რომ ის შეერთებული შტატების ინტერესებში მიიჩნევს რუსეთისა და ჩინეთის აგრესიის შეკავებას არქტიკის რეგიონში. სწორედ ამიტომ, მისი გუნდი ამჟამად განიხილავს, როგორი იქნება პოტენციური შესყიდვა. მეტი კონტროლი არქტიკულ რეგიონზე და იმის უზრუნველყოფა, რომ ჩინეთმა, რუსეთმა და ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა ამ მნიშვნელოვან და სტრატეგიულ რეგიონში აგრესია ვერ გააგრძელონ. ასევე იქნება სხვა მრავალი სარგებელი, რომლებზეც პრეზიდენტი და მისი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი ამჟამად საუბრობენ“, – განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა.

ამასთან, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე კეროლაინ ლევიტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პირველი არჩევანი ყოველთვის დიპლომატიაა და მაგალითად მოიყვანა ვენესუელაში მომხდარი.

„პრეზიდენტის პირველი არჩევანი ყოველთვის დიპლომატია იყო. შეხედეთ ვენესუელას. მან ნიკოლას მადუროსთან კარგი შეთანხმების დადება სცადა და უთხრა: „მე გამოვიყენებ შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს და შენ არ მოგეწონება, თუ ასეთ შეთანხმებას არ დათანხმდები“. შეხედეთ, რა მოხდა ირანთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა იგივე განაცხადა. მან სცადა, სერიოზული ინტერესი ჰქონოდა ირანის რეჟიმთან მათი ბირთვული შესაძლებლობების შესახებ შეთანხმების მიღწევის მიმართ. ისინი არ იყვნენ დაინტერესებული. ასე მოხდა ოპერაცია „შუაღამის ჩაქუჩი“, რომელიც კიდევ ერთი შესანიშნავი სამხედრო წარმატება იყო ამ მთავარსარდლის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ლევიტმა და აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საკუთარ ვარიანტებს ყოველთვის ღიად ტოვებს, მაგრამ დიპლომატია ყოველთვის პირველია.