კეროლაინ ლევიტი - პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ ნარკოტერორისტები კვლავ თუ ვაჭრობენ აშშ-ის მიმართულებით, მათი მოკვლის უფლებამოსილება აქვს
თეთრი სახლი ვენესუელის გემზე აშშ-ის მიერ განხორციელებულ თავდასხმას კანონიერად მიიჩნევს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.
მისი თქმით, თეთრმა სახლმა დაიცვა აშშ-ის ადმირალის გადაწყვეტილება, სექტემბერში ნარკოტიკების ვენესუელელი კონტრაბანდისტების გემზე რამდენიმე დარტყმა განეხორციელებინა. კეროლაინ ლევიტმა ასევე განაცხადა, რომ ადმირალ ბრედლის აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის ნებართვა ჰქონდა.
ამასთან, „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გემზე მეორედ დარტყმა პირველი დარტყმის შემდეგ გადარჩენილი ორი ადამიანის მოსაკლავად განხორციელდა და ეს ჰეგსეტის ბრძანების შესრულების მიზნით მოხდა, რომლის მიხედვითაც, ყველა უნდა მოეკლათ. თეთრი სახლის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიას გაეცნო და უარყოფს ცნობას, თითქოს ჰეგსეტმა ყველას მოკვლის ბრძანება გასცა.
„ეს ციტატა „ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში ვნახე. მე უარვყოფ, რომ ომის მდივანს ოდესმე ეს უთქვამს. თუმცა პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად განაცხადა, რომ თუ ნარკოტერორისტები კვლავ უკანონო ნარკოტიკებით ვაჭრობენ შეერთებული შტატების მიმართულებით, მას მათი მოკვლის უფლებამოსილება აქვს და ეს არის ის, რასაც ეს ადმინისტრაცია აკეთებს“, – აცხადებს კეროლაინ ლევიტი.
მისივე თქმით, ადმირალი ბრედლი უფლებამოსილებისა და კანონის ფარგლებში მუშაობდა და ხელმძღვანელობდა ოპერაციას, რათა გემის განადგურება და შეერთებულ შტატებში ნარკოტერორისტების საფრთხის სრულად აღმოფხვრა უზრუნველყოფილიყო. ლევიტის განცხადებით, ადმირალს მეორე დარტყმის სრული უფლებამოსილებაც ჰქონდა.