კეროლაინ ლევიტი - დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ 13 ნოემბერს ხელი მოეწერება კანონპროექტს, რომელიც ე.წ შათდაუნს დაასრულებს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმედოვნებს, რომ 13 ნოემბერს ხელი მოეწერება კანონპროექტს, რომელიც ე.წ შათდაუნს დაასრულებს, – ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დემოკრატების სისუსტემ და სურვილის არქონამ, წინააღმდეგობა გაეწიათ თავიანთი პარტიის წევრებისთვის, ე.წ. შათდაუნი გაახანგრძლივა.
„დემოკრატების სისუსტემ და სურვილის არქონამ, წინააღმდეგობა გაეწიათ თავიანთი პარტიის უმნიშვნელო წევრებისთვის, ეს მავნე „შათდაუნი“ შვიდი კვირის განმავლობაში გააჭიანურა და ამერიკელ საზოგადოებას ძლიერი დარტყმა მიაყენა. მაგრამ მოდით, ნათლად ვთქვათ, წარმომადგენელთა პალატაში, კენჭისყრაზე გასატანი განგრძობადი რეზოლუცია, რომელიც ფედერალური მთავრობის ხელახლა გახსნას გამოიწვევს, არის ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი და რესპუბლიკელები პირველივე დღიდან უჭერდნენ მხარს. ჩვენი ჯარისკაცები, საჰაერო მოძრაობის დისპეჩერები და ფედერალური თანამშრომლები თავიანთ რეგულარულ ხელფასებს დაუბრუნდებიან. გაჭირვებული ოჯახები კვლავ მიიღებენ დახმარებას საკვების შესაძენად და მთავრობა საქმიანობას მალე დაუბრუნდება. პრეზიდენტი ტრამპი მოუთმენლად ელოდება ამ დამანგრეველი „შათდაუნის“ დასრულებას თავისი ხელმოწერით და ვიმედოვნებთ, რომ ხელმოწერა საღამოს მოხდება“, – აცხადებს კეროლაინ ლევიტი.
ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა ე.წ. შათდაუნის დასასრულებლად მიიღო საბოლოო კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატას დასამტკიცებლად გადაეგზავნა. წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრა, სავარაუდოდ, 13 ნოემბერს გაიმართება. დამტკიცების შემთხვევაში კანონპროექტს აშშ-ის პრეზიდენტს გაუგზავნიან, დონალდ ტრამპის ხელმოწერის შემდეგ კი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ დასრულდება.