„კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა“ და „კერძო კოლეჯების ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
„კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა“ და „კერძო კოლეჯების ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს ბიზნესის აკადემიაში“ „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა“ და „საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ასოციაციებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და იმპლემენტაციას, საკანონმდებლო ინიციატივების ერთობლივად მომზადებას, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას, განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციასა და შემდგომ განვითარებას.

როგორც საქართველოს „კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის“ პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ პირველ არხს განუცხდა, „კერძო უნივერსიტეტების ასოციაცია“ და „კერძო კოლეჯების ასოციაცია“ ერთობლივი პროგრამების განხორციელებაზე იმუშავებენ.

თოფურიას განცხადებით, ძალიან საინტერესო იქნება ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება.

„კერძო უმაღლესი სასწავლებლებისთვის საინტერესოა თანამშრომლობა კერძო კოლეჯებთან. ჩვენ ვაპირებთ, ერთობლივად ვიმუშაოთ როგორც საერთო საბაკალავრო პროგრამებზე, ისე საკანონმდებლო ინიციატივებზე“, – განუცხადა კონსტანტინე თოფურიამ პირველ არხს.