კერძო სკოლების ნაწილი განათლების სამინისტროს სთხოვს, ახალი სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე დაწყების უფლება მიეცეთ
კერძო სკოლების ნაწილი განათლების სამინისტროს სთხოვს, ახალი სასწავლო წლის 15 სექტემბრამდე დაწყების უფლება მიეცეთ

რამდენიმე კერძო სკოლამ განათლების სამინისტროს ახალი სასწავლო წლის დაწყების ვადების გადმოწევის თხოვნით მიმართა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს განათლების სამინისტროდან აცნობეს.

მათივე განმარტებით, კანონმდებლობით, შესაბამისი დასაბუთებისა და სამინისტროს თანხმობის შემთხვევაში კერძო სკოლებს აქვთ შესაძლებლობა, სწავლის დაწყების ვადები შეცვალონ. ასევე განსაზღვრულია სასკოლო ასაკი: სწავლის დაწყების მომენტისთვის ბავშვს უნდა ჰქონდეს შესრულებული ექვსი წელი.

რაც შეეხება სკოლებს, რომლებიც სწავლის დაწყებას 15 სექტემბრამდე ითხოვენ, როგორც განათლების სამინისტროში ამბობენ, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ სტანდარტების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული, რომელთა გამოქვეყნებაც უახლოეს პერიოდში იგეგმება. საუბარია უსაფრთხოების რეკომენდაციებზე, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებმა „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით უნდა დაიცვან.

დატოვე კომენტარი