კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები
კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები

საპენსიო რეფორმის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტრატეგიისა და ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც 2017 წელს უკვე მეორედ გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სხდომას თავმჯდომარეობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კერძო სექტორიდან შეხვედრას მოდერატორობას უწევდა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ირმა ხვედელიანი.

„შეხვედრაზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც არის საპენსიო რეფორმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, მოვისმინეთ საბჭოს წევრებისგან გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებლად აისახება საბოლოო ცვლილებების პროექტში. ასევე განვიხილეთ მცირე და საშუალო ბიზნესის 2018-2020 წლების სტრატეგია, სადაც მოცემულია ყველა ის მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო მეწარმეობის ზრდას და განვითარებას“ – განაცხადა გენადი არველაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე ინფორმაციით, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაარსდეს ქალთა მეწარმეობის განვითარების ქვესაბჭო, რაც გენადი არველაძის შეფასებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.

„კერძო სექტორთან ერთად ვიმსჯელეთ და დავსახეთ კონკრეტული გზები, რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს მთავრობა კერძო სექტორთან თანამშრომლობით იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს კერძო და საშუალო მეწარმეობა საქართველოში“ – აღნიშნა არველაძემ.

კერძო სექტორის განვითარების საკონსულტაციო საბჭო 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. მის შემადგენლობაში არიან ეკონომიკური პროფილის სამინისტროებისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.

საბჭოს ძირითადი ფუნქციებია კერძო სექტორთან დიალოგის წარმოების ხელშეწყობა, არსებობის შემთხვევაში, კერძო სექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და განხილვა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების საკითხებზე რეკომენდაციების მომზადება და ა.შ.