კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის შემთხვევაში, დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ და ბინებით აღარ დაკმაყოფილდებიან
კერძო საკუთრებაში უკანონოდ შეჭრის შემთხვევაში, დევნილებს შემწეობა შეუწყდებათ და ბინებით აღარ დაკმაყოფილდებიან

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, იმ დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, დევნილის შემწეობა შეუწყდებათ და ბინით დაკმაყოფილებაზე უარს მიიღებენ.

შესაბამისი განცხადება მინისტრის მოადგილემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„შეინიშნება საეჭვო ჯგუფების გააქტიურება და მათი ორგანიზებით დევნილები ამა თუ იმ კერძო თუ სახელმწიფო ობიექტებში ახორციელებენ უკანონო შეჭრას. დევნილთა უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის ის წესი და ბრძანება, რომლის მიხედვითაც, თუ თვითნებურად არის შეჭრილი დევნილი ოჯახი, მისი ბინით უზრუნველყოფა არ განხორციელდება.

გვინდა, განმეორებით შევახსენოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც ასეთ ფაქტებს განახორციელებს, რომ არ მოხდება ბინით მათი უზრუნველყოფა. ასევე, მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა. ჩვენ ვიქნებით შეუვალი ასეთი ფაქტების მიმართ“, – განაცხადა გიორგაძემ.

მისივე თქმით, სამინისტრო დევნილებს მოუწოდებს, ნუ აჰყვებიან პროვოკაციულ მოწოდებებს და არ შეიჭრან კერძო ობიექტებში.