კენიაში სასტუმროს თითქმის ერთდღიანი ალყა დასრულდა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. უჰურუ კენიატას განმარტებით, ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.
ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, რადიკალების სამიზნე ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული კონფედერაცია იყო.
კონფედერაციის ერთ-ერთი შეკრება სწორედ სასტუმრო „დუსიტში“ უნდა გამართულიყო, თუმცა ბოლო წუთებში ადგილმდებარეობა შეიცვალა.
კენიის დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში თავდასხმა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყო. სასტუმროსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ოთხი შეიარაღებული პირი შეიჭრა. ისინი ავტოპარკინგზე ასაფეთქებელ მოწყობილობებს ისროდნენ, შემდეგ კი, სასტუმროს შენობაში შევიდნენ. ამ დროს ერთ-ერთმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა. სროლის ხმები რამდენიმე საათის განმავლობაში ისმოდა .
ოპერაციის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ სამართალდამცველებმა განაცხადეს, რომ ყველა თავდამსხმელი ლიკვიდირებული იყო, თუმცა 16 იანვარს, დილის საათებში სასტუმროს ტერიტორიაზე სროლის ხმა კვლავ გაისმა.
თითქმის ერთდღიანი თავდასხმისა და ოპერაციის დროს სამართალდამცველებმა სასტუმროს შენობიდან 100-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. თავდასხმას 14 ადამიანი შეეწირა, 30 კი, დაშავდა. დაღუპულებს შორის არიან ამერიკის შეერთებული შტატებისა და დაუდასტურებელი ცნობით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეები.
მომხდარზე პასუხისმგებლობა „ალ-შაბააბმა“ აიღო.
ისლამისტი მებრძოლები ძირითადად სომალის ტერიტორიაზე მოქმედებენ, თუმცა პერიოდულად თავდასხმებს დასავლეთ აფრიკის სხვა სახელმწიფოებშიც ახორციელებენ. რეგიონში ალ-შაბააბის წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია მიმდინარეობს. კენია კი, აღნიშნულ ოპერაციაში იღებს მონაწილეობას.