კენიაში მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა, უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი
კენიის დედაქალაქ ნაირობიში მშენებარე მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში, შესაძლოა, ათეულობით ადამიანი იყოს მოყოლილი.
შემთხვევა ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, ისტლის რაიონში, ხალხმრავალ სავაჭრო ქუჩაზე ადგილობრივი დროით დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.
ნაირობის პოლიციის უფროსის, ისა მოჰამუდის განცხადებით, შენობის ათზე მეტი სართულის მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ჩამონგრევის შედეგად ბეტონის უზარმაზარი მასა წარმოიქმნა, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.
პოლიციის ინფორმაციით, ნანგრევებიდან ერთი ადამიანი გამოიყვანეს და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის უცნობია, რამდენი ადამიანია ნანგრევებში მოყოლილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ზოგიერთმა მათგანმა ჩამონგრევის შემდეგ ტელეფონით დარეკვა და დახმარების თხოვნა მოასწრო, თუმცა მოგვიანებით მათთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს.
ქალაქის გუბერნატორის, ჯონსონ საკაჯას თქმით, შენობის მშენებლობა ნებადართული იყო, თუმცა მას ექსპლუატაციაში მიღების საბუთი არ ჰქონდა. შესაბამისად, პირველ სართულზე მაღაზიების გახსნა კანონდარღვევა იყო. გუბერნატორმა ასევე აღნიშნა, რომ სამშენებლო წესების დარღვევისთვის დაწესებული სანქციები უნდა გამკაცრდეს.