კემეროვოში დაღუპული ბავშვების მშობლები - ჩვენი შვილები იწვოდნენ, ჩვენ კი ვიდექით და უბრალოდ ვუყურებდით
კემეროვოს სავაჭრო ცენტრში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მშობლები სააგენტო Meduza-სთან შემთხვევის დეტალებს იხსენებენ. ალექსანდრე და ოლგა ლილევიალეებს სამი ქალიშვილი დაეღუპათ: 11 წლის ტყუპები და ხუთი წლის უმცროსი გოგონა.
ალექსანდრე ყვება, რომ კვირას მან ქალიშვილები ცენტრის მეოთხე სართულზე განთავსებულ კინოთეატრში მულტფილმ „შერლოკ გნომსის“ სანახავად მიიყვანა, ბილეთები შეუძინა, დარბაზში ადგილები მოუძებნა, ხოლო თვითონ პირველ სართულზე დაბრუნდა, სადაც სეანსის დასრულებას ელოდებოდა.
მულტფილმის ჩვენება 14:40 სთ-ზე დაიწყო, ნახევარ საათში კი ერთ-ერთმა ქალიშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ დარბაზში კვამლი იყო, ბავშვები კი გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებდნენ, რადგან კარი ჩაკეტილი იყო.
როგორც დაღუპული ბავშვების მშობლები იხსენებენ, როდესაც მამა მეოთხე სართულისკენ გაიქცა, ამ დროს შენობაში უკვე კვამლი იდგა.
„კიბეებზე ავრბოდი, უცნობმა ადამიანმა სველი ტილო მომაწოდა და ცხვირზე ავიფარე. მეოთხე სართულამდე რომ მივაღწიე, ფანჯარა ჩავამტვრიე, შემდეგ კი დავეცი. მივხვდი, ძალა არ მყოფნიდა, გონებას ვკარგავდი. ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა, ტელეფონში ვუყვიროდი, რომ როგორმე დარბაზიდან გამოსვლა მოეხერხებინა, თუმცა არაფრის გაკეთება შემეძლო – წინ უკვე ხანძარი მძვინვარებდა“, – იხსენებს ალექსანდრე ლილევიალი.
ალექსანდრე ყვება, რომ მაშველებს იმ კიბისკენ მიუთითა, რომლითაც კინოდარბაზში ჩასვლასა და იქ გამომწყვდეული ბავშვების დახმარებას შეძლებდნენ.
„მაშველებს მივასწავლე კიბე, რომლითაც უფრო სწრაფად შეეძლოთ კინოთეატრამდე მისვლა. მომყვებოდნენ, რამდენიმე წუთში ვიღაც კაცმა ისინი გააჩერა და უთხრა, რომ ცენტრალური კიბე ცეცხლში იყო გახვეული და ეს მაშველები იმ კაცს აედევნენ. ვეხვეწებოდი, ნიღაბი მაინც მომეცით და მე ვუშველი ბავშვებს-მეთქი. მათ კი ასე მიპასუხეს – „არ შეიძლება“. ყველაფერი წესის მიხედვით უნდა მოხდესო, ჩემი ქალიშვილები დაიწვნენ წყეული წესების გამო“, – აღნიშნა ხანძრისას დაღუპული ბავშვების მამამ.
კემეროვოში, 25 მარტს სავაჭრო ცენტრი დაიწვა. ცეცხლი ჯერ შენობის მეოთხე სართულზე, კინოთეატრთან გაჩნდა, სადაც იმ დროს ბევრი ბავშვი იმყოფებოდა. ისინი კინოთეატრში მულტფილმის სანახავად იყვნენ შეკრებილი..
სავაჭრო ცენტრში ხანძრის შედეგად 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათი უმრავლესობა ბავშვია.
ხანძრის საქმეზე ხუთი ადამიანია დაკავებული, მათ შორის ცენტრის დირექტორი და დაცვის თანამშრომელი.