კემეროვოს ოლქის გუბერნატორი-უცნობი პირები ხალხის ქუჩაში გამოყვანას და სიტუაციის არევას ცდილობენ
კემეროვოს ოლქის გუბერნატორი-უცნობი პირები ხალხის ქუჩაში გამოყვანას და სიტუაციის არევას ცდილობენ

კემეროვოს ოლქის გუბერნატრმა მოადგილე გაათავისუფლა. ამინ ტულეევის გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გათავისუფლებული ალექსეი ზელენინი ასევე  გუბერნატორის ადმინისტრაციის ხელმძღვანელიც იყო. თანამდებობას დატოვებს შიდა პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინა ლოპატინაც.

მანამდე გუბერნატორმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ კემეროვოში ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ხალხზე ძალადობენ. მისი თქმით, დაღუპულების ახლობლებს ურეკავენ უცნობი პირები და ცრუ ინფორმაციას აწოდებენ. გებერნატორი ამბობს, რომ  საგანგებო სამსახურებმა რამდენიმე შენობის და მათ შორის კუზბასის მაღაროებში ნაღმის არსებობის შესახებ ცრუ სატელეფონო შეტყობინება მიიღეს.

„დაღუპულების ახლობლებს ურეკავენ და ეუბნებიან, რომ სასამართლოსთან გამოცხადდნენ, სადაც თითქოსდა ტრაგედიასთან დაკავშირებით იმართება მოსმენები. ეს მიზანმიმართულად ხდება. ისინი ხალხის ქუჩაში გამოყვანას და სიტუაციის არევას ცდილობენ. ეს ხალხის შევიწროებაა, მათზე მიზანმიმართული ძალადობა”, – ამბობს კემეროვოს ოლქის გუბერნატორი.

შეგახსნებთ, რომ დღეს რუსეთში კემეროვოს  ხანძრის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ.

კემეროვოს ოლქში გლოვა სამ დღეს გაგრძელდება.