კელი დეგნანმა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე გახსნა
კელი დეგნანმა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე გახსნა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში ამერიკული კუთხე გახსნა.

„უაღრესად მოხარული ვარ რომ დღეს აქ, მარნეულში ვხსნით ამერიკულ კუთხეს. ეს არის მეცხრე ამერიკული კუთხე საქართველოში. რა თქმა უნდა, თითოეული მათგანი წარმოადგენს ძალიან მჭიდრო და გრძელვადიან თანამშრომლობას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან. ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიგონ მეტი ამერიკის შეერთებული შტატების, მისი კულტურის, ტრადიციების შესახებ. მიმაჩნია, მრავალფეროვნება არის ის, რასაც ამერიკა და საქართველოს კონკრეტულად ეს რეგიონი იზიარებენ და გვხდის ძლიერს და აძლიერებს ქვეყანას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკული კუთხის გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოც. როგორც საელჩოში აცხადებენ, ამერიკული კუთხის გახსნა საელჩოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგია.

„აშშ-ის საელჩო განაგრძობს არაფორმალური განათლების შესაძლებლობების შექმნას ქვეყნის მასშტაბით, რათა საქართველოს განვითარებისა და ცვალებად სამყაროში უკეთ ადაპტაციისთვის ხალხს შესაძლებლობა ჰქონდეს, განივითაროს შესაბამისი უნარები და გაიგოს მეტი ამერიკის შესახებ. მეცხრე ამერიკული კუთხის გახსნა საელჩოსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლობის შედეგია. მარნეულის ახალი ამერიკული კუთხე, რომელიც ქალაქის ბიბლიოთეკაში მდებარეობს, დაინტერესებულ ადამიანებს სთავაზობს არაფორმალური ინგლისური ენისა და ამერიკული კულტურის პროგრამებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ე.წ. STEM განათლებასა და სამოქალაქო ჩართულობის საკითხებს. აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ასევე ფუნქციონირებს ახალციხის, ბათუმის, ხაშურის, ქუთაისის, რუსთავის, თბილისის, თელავისა და ზუგდიდის ამერიკული კუთხეები და წეროვნის დასახლებაში არსებული ბუქმობილი, მოძრავი ბიბლიოთეკა. ზაფხულის ბოლოს საელჩოს ასევე ექნება ხუთი ამერიკული თარო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.