კელი დეგნანი - ვულოცავ საქართველოს გაერო-ს ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას, რაც ნათლად გამოხატავს უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას
კელი დეგნანი - ვულოცავ საქართველოს გაერო-ს ასამბლეის მიერ რეზოლუციის მიღებას, რაც ნათლად გამოხატავს უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ გაერო-ს ასამბლეის რეზოლუციის მიღება ნათლად გამოხატავს იმ მზარდ და უწყვეტ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ამ მიმართულებით იღებს.

მისივე თქმით, რეზოლუციას წელს 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც მხარდამჭერი ქვეყნების ერთ-ერთი ყველზე დიდი რაოდენობაა.

„ვულოცავ საქართველოს გაერო-ს ასამბლეის მიერ ამ რეზოლუციის მიღებას. ეს ნათლად გამოხატავს იმ უწყვეტ და მზარდ მხარდაჭერას, რასაც საქართველო ამ მიმართულებით იღებს. ეს იმის გამოხატულებაა, რომ საქართველოს სიტუაცია, დევნილების ჰუმანიტარული მდგომარეობა და სტატუსი საერთაშორისო საზოგადოებას აწუხებს, მათთვის ეს შეშფოთების საგანია. წელს 84-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აღნიშნულ რეზოლუციას, ეს არის ერთ-ერთი ყველზე დიდი რაოდენობა მხარდამჭერი ქვეყნების, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამ საკითხის გარშემო ცნობადობა იზრდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ელჩის განმარტებით, აუცილებელია, რომ რუსეთმა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„რაც შეეხება ამ სიტუაციაში ქმედით ნაბიჯებს, აუცილებელია, რომ რუსეთმა შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. გაიყვანოს საკუთარი ჯარები კონფლიქტის ტერიტორიიდან და უკან წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს იქნება ის საწყისი ეტაპი იმ ადამიანთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 74-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და 54 ქვეყნის მიერ ინიცირებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“.