კელი დეგნანი - ვამაყობ აშშ-სა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით
კელი დეგნანი - ვამაყობ აშშ-სა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით

დღეს, როდესაც „კოვიდ-19-“ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.

ელჩის მიმართვა საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზეა განთავსებული.

საელჩოს ინფორმაციით, ელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ჰყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში. მან ისაუბრა ამერიკელი ხალხის 140 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ. ასევე, ელჩმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, 1.1 მილიონი დოლარი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება. საელჩო აღნიშნავს, რომ ეს ყურადღებით შერჩეული დახმარებაა, რომელიც საქართველოს მთავრობის, მოქალაქეების, ჯანდაცვის პროფესიონალებისა და სხვა დონორების მნიშვნელოვან საქმიანობას შეემატება.

„დაახლოებით 30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ავითარებენ პარტნიორობას, რომელიც ემყარება თანაზიარ ღირებულებებს, საერთო სტრატეგიულ ინტერესებსა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას.

როგორც იცით, ამერიკის მთავრობის დახმარების პროგრამებმა ხელი შეუწყო საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, ეკონომიკური ზრდის წახალისებასა და მოსწავლეებისთვის მაღალი ხარისხის განათლების უზრუნველყოფას.

დღეს, როდესაც „კოვიდ-19“-ის პანდემიის წინაშე ვდგავართ, განსაკუთრებით ვამაყობ ამერიკისა და საქართველოს ერთობლივი მიღწევებით საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების კუთხით. ამერიკელმა ხალხმა 140 მილიონი დოლარის დახმარება აღმოუჩინა საქართველოს ძლიერი, მოქნილი და მაღალი ხარისხის ეროვნული ჯანდაცვის სისტემის განვითარებისთვის. „კოვიდ-19“-ით გამოწვეულ საგანგებო ვითარებისას ნათლად ვხედავთ ამ სექტორში ჩვენი მუშაობის სასიცოცხლო მნიშვნელობის შედეგებს“, – ამბობს ელჩი.

კელი დეგნანის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედეს კრიზისის მართვისა და ვირუსის გავრცელების შემცირების კუთხით.

„საქართველოს ხელისუფლებამ და ქართველმა ხალხმა ერთობლივი ძალისხმევით, სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედა კრიზის მართვისა და „კოვიდ-19“-ის გავრცელების შემცირების კუთხით.

ამერიკის მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში.

ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტომ (USAID), რომელიც აგრძელებს ფართო სპექტრის დახმარების პროგრამების განხორციელებას სოფლის მეურნეობის, განათლების, ბიზნესის განვითარების, დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, ახლახან გამოაცხადა 1.1 მილიონი დოლარის ოდენობის საგანგებო ჯანდაცვის დახმარების პროგრამა „კოვიდ-19“-თან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად.  ახალი დახმარების პროგრამა ხელს შეუწყობს ინფექციის კონტროლსა და პრევენციას, ასევე ვირუსით დაინფიცირების შემთხვევათა იდენტიფიცირებას“, – აღნიშნავს კელი დეგნანი.

მისი განმარტებით, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ტექნიკური დახმარება, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს რეაგირებისა და ეპიდემიის კონტროლის შესაძლებლობის გაუმჯობესებას, აგრეთვე, საგანგებო ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

„საგულდაგულოდ შედგენილი დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს შეავსოს ის მნიშვნელოვანი საქმე, რასაც საქართველოს მთავრობა, მოქალაქეები, ჯანდაცვის მუშაკები და დონორები ასრულებენ“, – ამბობს ელჩი.

ამასთან, როგორც კელი დეგნანმა მიმართვაში განაცხადა, საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას, ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია ვირუსის დადგენა.