კელი დეგნანი - უკრაინაში მიმდინარე ძალზე სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება
კელი დეგნანი - უკრაინაში მიმდინარე ძალზე სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი გორის რეგიონულ სასამართლოში იმყოფებოდა.

აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, კელი დეგნანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აშშ-ის მთავრობისთვის საქართველოში კანონის უზენაესობის გაძლიერება კვლავაც მაღალი პრიორიტეტია.

დეგნანის თქმით, ამის დასტურია საქართველოში აშშ-ის მისიის 30 ოფისისა და სააგენტოს მუშაობა.

„ბევრი მათგანი ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ ააშენოს და გააძლიეროს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები. აღსანიშნავია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მუშაობა გორის სასამართლოსთან ოჯახური ძალადობის საქმეებზე რეაგირების, ნაფიც მსაჯულთა შერჩევის, სასამართლო პროცესის უწყვეტობისა და მტკიცებულებების პროცესების გაუმჯობესების კუთხით. ასევე, USAID-ის კანონის უზენაესობის ახალი პროგრამა ეხმარება სასამართლოებს საქართველოში, უფრო სწრაფად მოახდინონ რეაგირება საზოგადოების საჭიროებებზე“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე ძალზე სამწუხარო მოვლენები არ შეასუსტებს აშშ-ის მთავრობის შესაძლებლობას, გააგრძელოს საქართველოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება.

„პირიქით, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი ქართველი ხალხის ძალისხმევის მხარდაჭერა, ააშენოს დემოკრატია და მიჰყვეს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.