კელი დეგნანი - საქართველოსთვის მორიგი გრანტის გამოყოფა არის ერთობლივი ფასეულობების მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისადმი
კელი დეგნანი - საქართველოსთვის მორიგი გრანტის გამოყოფა არის ერთობლივი ფასეულობების მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისადმი

​საქართველოსთვის აშშ-ისგან მორიგი გრანტის გამოყოფა არის ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისადმი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, რათა გაძლიერდეს სახელმწიფო ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომელიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს.

„ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენ წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს შესაძლებელს გახდის საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას.

ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში იმ 7 მლნ-ის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო. ახალი პროგრამა დაიწყება სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის იმ რესურსს, რომ კადრები მზად იყოს ამ სფეროში. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დაეხმარება საქართველოს ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რათა მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებულნი იყვნენ ხალხის წინაშე. და ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში, მათ შორის, ერთ-ერთი ახლახან გამოცხადებული, რაც გულისხმობს უმუშევრობის დონის შემცირებას, საშუალო და მცირე საწარმოების განვითარებას და გაფართოებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. აქედან გამომდინარე, ხედავთ და აშკარად ხვდებით, რომ ძალიან გვახარებს ეს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარებისა და კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციის კუთხით ევროატლანტიკურ სივრცეში. მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, იმისთვის, რომ გაძლიერდეს დემოკრატიული ინსტიტუტები და შეიქმნას ის შესაძლებლობები, რომლებიც დღევანდელ და სამომავლო გამოწვევებს დაძლევს. აშშ ერთგულია საქართველოს წარმატების, რომელიც ვალდებულებებს გულისხმობს დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.