კელი დეგნანი - საქართველოს უდიდესი გამარჯვება იქნება, ააშენოს ძლიერი, უსაფრთხო ევროპული დემოკრატია
კელი დეგნანი - საქართველოს უდიდესი გამარჯვება იქნება, ააშენოს ძლიერი, უსაფრთხო ევროპული დემოკრატია

აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიზანს, გახდეს პერსპექტიული, სტაბილური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო. 30 წელი თითქოს დიდი დროა, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. საქართველოს უდიდესი გამარჯვება იქნება, ააშენოს ძლიერი, უსაფრთხო ევროპული დემოკრატია. ამერიკელი ხალხი ძალიან ამაყობს, რომ ამ ისტორიული პროცესის თანამონაწილეა, – ამ სიტყვებით მიმართა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს მოქალაქეებს ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

„დიპლომატიური ურთიერთობა ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ 1992 წლის 24 მარტს, თუმცა ეს ურთიერთობა არაოფიციალურად 100 წელზე მეტ დროს ითვლის, კერძოდ 1890 წლიდან. რაღა თქმა უნდა, ჩვენი მეგობრობის ისტორია კიდევ უფრო ხანგრძლივია. თავიდანვე ამერიკელი ხალხი სოლიდარული იყო საქართველოს მოსახლეობისადმი და თქვენი სურვილისადმი, გეცხოვრათ თავისუფალ და სუვერენულ სახელმწიფოში. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოგვიყალიბდა სტრატეგიული პარტნიორობა, რაც ეფუძნება საერთო ხედვას, გახდეს საქართველო ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ამ ხედვის განხორციელება დიდ შრომას, მოთმინებას და მნიშვნელოვან რესურსს მოითხოვს. ესაა მიზანი, რომელიც მთლიანად დამყარებულია თავისუფლების პრინციპზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები და დამოუკიდებლობა, რაც საქართველოს ისტორიის დიდი ნაწილია – თამარ მეფისა და ილია ჭავჭავაძის ეპოქისთვის შესაფერისი. ამერიკა ეხმარება საქართველოს, ააშენოს დემოკრატია. ჩვენ 6 მილიარდი დოლარის დახმარება გვაქვს გაწეული საქართველოსთვის, გადავამზადეთ 20 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი, რომლებიც საქართველოს საზღვრებს იცავენ და განათლების პროგრამებით 6 ათასი ადამიანი გავგზავნეთ შეერთებულ შტატებში. რაღა თქმა უნდა, ჩვენ ხელს ვუწყობთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას, კანონის უზენაესობასა და მმართველობის დემოკრატიულ სტილს, ბევრ სხვა ინიციატივასთან ერთად. რატომ ვაკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ჩვენ გვჯერა საქართველოს მოქალაქეების, ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ევროპული მომავალი აქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკა-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე კელი დეგნანმა უკრაინაში მიმდინარე ომიც ახსენა და საქართველოსთან გაავლო პარალელი.

„შთამაგონებელია რუსული აგრესიისთვის გაწეული უდიდესი წინააღმდეგობა უკრაინელი ხალხის მხრიდან. ეს აგრესია საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის ყველა კანონს უარყოფს. ვიცი, რომ საქართველოსთვის განსაკუთრებით მტკივნეულია უკრაინაში მიმდინარე ომის ყურება, რადგან თქვენ ყველაზე კარგად გესმით, რამდენად მძიმეა ინტერვენცია და ოკუპაცია იმ ძალების მიერ, რომლებიც დაშინებისა და ზეწოლის მეთოდებით მოქმედებენ. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ არის შეხსენება, რომ ადამიანები, ვისთვისაც თავისუფლება ძვირფასია, უნდა გაერთიანდნენ, რომ ძლიერი პარტნიორობა ახლა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მსოფლიო რუსეთის რევანშიზმის წინაშე დგას. ეს რევანშიზმი უგულებელყოფს მისი მეზობელი სახელმწიფოების მშვიდობას, სტაბილურობასა და ყოველი ჩვენგანისთვის ღირებულ ფუნდამენტურ პრინციპებს. ახლა, როგორც არასდროს, ერთიანობისა და სოლიდარობის დროა როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.