კელი დეგნანი - საქართველო თავისი იდენტობის, კულტურის დასაცავად იბრძოდა როგორც ხმლით, ასევე კალმით
კელი დეგნანი - საქართველო თავისი იდენტობის, კულტურის დასაცავად იბრძოდა როგორც ხმლით, ასევე კალმით

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ ვესწრები დღევანდელ ღონისძიებას, რომელიც არის სამწუხარო მოვლენების აღნიშვნა, გამოფენა იმ მწერლებისა, ვინც საბჭოთა პერიოდის დროს იყვნენ შევიწროებული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმის გახსნაზე განაცხადა.

ელჩის თქმით, ყველა ქართველს ძალიან კარგად ახსოვს და არ ავიწყდება, რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება რუსეთის მიერ და ხედავს იმ აგრესიას, რასაც რუსეთი ავლენს თავისი მეზობლების მიმართ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს თანამშრომლობა მწერალთა სახლთან და მინდა, აღვნიშნო, რომ მწერლები ნამდვილად არიან გმირები, მთავარი დამცველები საქართველოს უნიკალური იდენტობის, კულტურის და თვითმყოფადობის. მინდა, ოთარ ჭილაძის ერთი ციტატა წავიკითხო: „ჩვენი ყველაზე დიდი დანაშაული კი თავისუფლებისკენ სწრაფვა იყო და სხვა არაფერი. ყველაზე რთულ დროსაც კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ თვითგამორკვევის, თვითდამკვიდრების და თვითშემეცნების გზა“. ნამდვილად გამოხატავს ეს სიტყვები ქართველი ხალხის ძალიან დიდ სიმამაცეს, სიმტკიცეს, თავისუფლებისადმი, დამოუკიდებლობისადმი სიყვარულს და მათ უნიკალურ იდენტობასა და კულტურას. ქართველი მწერლები არიან კიდევ ერთი შეხსენება იმისა, თუ ისტორიის მანძილზე როგორ ცდილობდა რუსეთი საქართველოსთვის უნიკალური იდენტობის, კულტურის წართმევას, ენის უგულებელყოფას, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უგულებელყოფას, მასზე უარის თქმას. საქართველო ნამდვილად სწორად მიიჩნევს, რომ ეს მწერლები, რომლებიც ასე გმირულად იბრძოდნენ და იყვნენ დამცველნი საქართველოს დამოუკიდებლობის, თვითმყოფადობის, ნამდვილად ჭეშმარიტი გმირები იყვნენ და არიან. ჩვენ დღეს აღვნიშნავთ ზუსტად მათ ღვაწლს და ვიხსენებთ მათ მოღვაწეობას“, – განაცხადა დეგნანმა.

ელჩს კითხვა დაუსვეს, რომლის მიხედვითაც, „კულტურის სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ თეა წულუკიანი კულტურის სფეროში რეპრესიებს ატარებს“.

„გამოხატვის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველოში იბრძოდნენ თავისი იდენტობის, კულტურის დასაცავად როგორც ხმლით, ასევე კალმით. ამასთან დაკავშირებით ისევ დავუბრუნდები ბატონი ოთარის იმ ციტატას, რომელიც ვახსენე“, – აღნიშნა ელჩმა.