კელი დეგნანი - საქართველო და აშშ ერთხმად გმობენ რუსეთის ქმედებებს
კელი დეგნანი - საქართველო და აშშ ერთხმად გმობენ რუსეთის ქმედებებს

საქართველო და აშშ ერთხმად გმობენ რუსეთის ქმედებებს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე განაცხადა.

დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს საერთო ფასეულობები იყო პარტნიორობის საფუძველი გასული 30 წლის განმავლობაში.

„დღეს აღვნიშნავთ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს. იმის მაგივრად, რომ ვზეიმობდეთ, დღეს, ჩვენ ასევე მთელი გონებით უკრაინელ ხალხთან ვართ, რომელიც იცავს საკუთარ დამოუკიდებლობას, სამშობლოს, რუსეთის არაპროვოცირებული, სასტიკი შეჭრის გამო.

საქართველო და აშშ ერთხმად გმობენ რუსეთის ქმედებებს. ხალხი, როგორც ეს ხშირად მომხდარა ჩვენი ხანგრძლივი პარტნიორობის განმავლობაში, გაერთიანდა საერთაშორისო წესრიგის, კანონის უზენაესობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ეს იყო ჩვენი პარტნიორობის საფუძველი გასული 30 წლის განმავლობაში – ჩვენი საერთო ფასეულობები, საერთო ინტერესები, სურვილი რომ ვიხილოთ საქართველო სრულად ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ოჯახში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.