კელი დეგნანი - საქართველო ჩვენნაირია? აქვს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? ამაზე პასუხს ელოდებიან ევროკავშირის ქვეყნები
კელი დეგნანი - საქართველო ჩვენნაირია? აქვს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? ამაზე პასუხს ელოდებიან ევროკავშირის ქვეყნები

საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? ამაზე პასუხს ელოდებიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს.

„დავიწყებ იმით, რომ დაკვეთა 12 პუნქტთან დაკავშირებით და საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რეალურად, ქართველი ხალხისგან მომდინარეობს. ხალხისგან, რომელმაც ძალიან ნათლად განაცხადა, რომ მათი არჩევანი არის ევროპული მომავალი. საქართველოში ყველა ლიდერმა ინტენსიურად უნდა იმუშაოს რეფორმებზე, რომლებიც მოთხოვნილია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ყველამ უნდა იმუშაოს ამის მისაღწევად, რადგან ამას მოჰყვება ძალიან დიდი სარგებელი ოჯახებისთვის, ახალგაზრდებისთვის, მეწარმეებისთვის და ყველასთვის. ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს უფრო მეტ კეთილდღეობასა და უფრო მეტ უსაფრთხოებას, სწორედ ამიტომ საქართველოს მოსახლეობა ათწლეულების, თუ არა საუკუნეების განმავლობაში, ძალისხმევას არ იშურებდა ევროპული მომავლისთვის, ამ ევროპულ ოჯახთან ინტეგრაციისთვის, რომლის ნაწილი საქართველო ყოველთვის იყო. ვფიქრობ, რომ გარკვეული პროგრესის მიღწევა გახდა შესაძლებელი, თუმცა ევროკავშირისგანაც მოვისმინეთ, რომ კიდევ მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქართველი ხალხისთვის იმის საჩვენებლად, რომ ხელისუფლება და ქართველი ლიდერები პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საქართველოს ძლიერ დემოკრატიას და დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამას ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები: საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? ეს არის, რაც აერთიანებს ევროკავშირის ოჯახს და, აქედან გამომდინარე, ყველა, ვინც აპირებს გახდეს ამ ოჯახის ნაწილი, უნდა იზიარებდეს იმავე პასუხისმგებლობებს, ღირებულებებსა და პრინციპებს.

საქართველოს სჭირდება მეტი ერთიანობა, მეტი ინკლუზიური პროცესები, დაინტერესებული მხარეების ჩართულობით, რაც წარმოაჩენს, რომ ერთიანი და არა გაყოფილი საქართველო მუშაობს კანდიდატის სტატუსისთვის. ეს იქნება ძალიან ძლიერი გზავნილი არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ ქართველი ხალხისთვისაც“, – განაცხადა კელი დეგნანმა.