კელი დეგნანი - საგრანტო შეთანხმების მეშვეობით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას
კელი დეგნანი - საგრანტო შეთანხმების მეშვეობით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას

საგრანტო შეთანხმების მეშვეობით, შეიქმნება ახალი პროგრამა ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და შეამცირებს რუსეთზე დამოკიდებულებას, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოსა და აშშ-ის შორის საგრანტო შეთანხმების „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ ხელმოწერის ცერემონიის გახსნაზე განაცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, საქართველოსთვის მორიგი გრანტის გამოყოფა არის ერთობლივი ფასეულობების მხარდაჭერა, რომელიც გააძლიერებს საქართველოს მდგრადობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისადმი.

„ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენს წინაშე ვიმყოფები და ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს აღვნიშნავთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორი და ფინანსთა მინისტრი ხელს მოაწერენ ახალ საგრანტო შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით, 330 მლნ აშშ დოლარი გამოყოს მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების დამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა განვითარებისთვის. ის გააძლიერებს საქართველოს მედეგობას და გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან, გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას და ახალი სამუშაო ადგილების შესაძლებლობას შექმნის მთელ ქვეყანაში. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს. ახალი პროგრამა შეიქმნება ენერგეტიკის უსაფრთხოების მიმართულებით, საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს შესაძლებელს გახდის საქართველოს მოსახლეობისთვის ხარჯების შემცირებას. ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ იმისთვის, რომ ეკონომიკური შესაძლებლობები გაიზარდოს, ხალხთაშორისი ურთიერთობა გაიზარდოს და ეს ასევე მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებს და საზოგადოებას“, – განაცხადა დეგნანმა.

საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.