კელი დეგნანი - საგამოძიებო კომისიის მექანიზმი ძალიან სასარგებლოა, იმედი გვაქვს, პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც შექმნეს მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე
კელი დეგნანი - საგამოძიებო კომისიის მექანიზმი ძალიან სასარგებლოა, იმედი გვაქვს, პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც შექმნეს მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე

ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ქართველი მოსამართლეები იღებენ მონაწილეობას ჩვენს პროგრამაში, ველოდებით ამ არაჩვეულებრივი პრგორამის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ-ის საგანმანათლებლო ტურები არის ძალიან პოპულარული და წარმატებული, რადგან ისინი აერთიანებს ქართველ და ამერიკელ მოსამართლეებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, ერთმანეთისგან ისწავლონ, გაუზიარონ გამოცდილება და მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე.

„ჩვენი პროგრამები ღიაა მათთვის, ვისაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, ასევე მათთვის, ვისთვისაც სასარგებლო იქნება ამერიკელ მოსამართლეებთან კომუნიკაცია. ის ასევე ღიაა მათთვის, ვისაც წასვლა შეუძლია, რადგან ეს დიდ დროს მოითხოვს და ზოგჯერ მოსამართლებს, მათი დღის წესრიგიდან გამომდინარე, არ აქვთ დრო, რომ ორი კვირით წავიდნენ, ზოგჯერ ეს ორ კვირაზე მეტ ხანს გრძელდება. ასე რომ, ჩვენ ყოველთვის მოხარული ვართ, როდესაც ქართველი მოსამართლეები იღებენ მონაწილეობას ჩვენს პროგრამაში, ჩვენ ინტერესი გვაქვს მათ მიმართ და ველოდებით ამ არაჩვეულებრივი პრგორამის გაგრძელებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

რაც შეეხება სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე დასმულ კითხვას, კელი დეგნანის თქმით, საგამოძიებო კომისიის მექანიზმი ძალიან სასარგებლოა და ბევრ სხვადასხვა პარლამენტში გამოიყენება. ელჩის განმარტებით, იმედი აქვს, პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ შექმნეს მოქალაქეთა ინტერესებიდან გამომდინარე.

„რაც შეეხება მეორე შეკითხვას, პარლამენტმა საგამოძიებო კომისიები შექმნა, როგორც მექანიზმი, რომ იმსჯელოს ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, თემებზე, რომლებიც შესაძლოა, მოითხოვს დიდ გამჭვირვალობას, მეტ ინფორმაციას, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოქალაქეებს, უკეთესად იყვნენ ინფორმირებული. ამ მექანიზმის შექმნის მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა. ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლო ტექნიკაა, მექანიზმი, რომელიც ბევრ სხვადასხვა პარლამენტში გამოიყენება. ასევე გამოიყენება ამერიკის კონგრესში და იმედი გვაქვს, რომ პარლამენტის წევრები სრულად გამოიყენებენ ამ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ შექმნეს მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.