კელი დეგნანი - რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია
კელი დეგნანი - რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია

რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია, – ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, სენატორების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

საქართველოში აშშ-ის ელჩად წარდგენილმა კანდიდატმა ევროპის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ნატო-ს როლზე გაამახვილა ყურადღება.

„მე ვმუშაობდი ნატო-ში და დავინახე ნატო-რუსეთის საბჭოს მნიშვნელობა. ეს არის ფორმა დიალოგისთვის და რუსეთთან დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. ნატო არის პოლიტიკური და სამხედრო ორგანიზაცია. ნატო-ს პოლიტიკური ნაწილი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იყო ევროპაში მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ნატო არის თავდაცვითი ორგანიზაცია, რომელიც წლების განმავლობაში კარგად ემსახურა აშშ-ს, კანადას და ევროპას. ამასთან, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია წინ წავწიოთ რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების შესაძლებლობა. თუმცა, ამავე დროს კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ სუვერენულ ქვეყნებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ რომელ ალიანსში სურთ ყოფნა. ასეთია საქართველო, ლიეტუვა და ალბანეთი. ჩემი აზრით, ნატო კვლავ იქნება ძლიერი ძალა სტაბილურობისთვის ევროპაში“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა.

დეგნანმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„აშშ-მა და საქართველოს ყველა მეგობარმა მოვახდინეთ დემონსტრირება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა აუცილებელია. საქართველოსადმი ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე, როდესაც ის ახორციელებს ყველა საჭირო რეფორმას ინსტიტუტების გასაძლიერებლად, რომ მიჰყვეს იმ გზას, რომელიც თავად აირჩია და ეს არის ევროკავშირსა და დასავლეთთან ინტეგრაცია. სწორედ ამ საქმეში ჩვენ შეიძლება, ვიყოთ საქართველოს ნამდვილი მეგობარი. ის დახმარება, რომელსაც საქართველოს ვაწვდით, განსაკუთრებით საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობებისა და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად, აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს. ჩვენ მარტო არ ვართ, ევროკავშირთან კოორდინირებულად ვმოქმედებთ, რადგან გვსურს, ვიხილოთ წარმატებული საქართველო. საქართველომ ბოლო 20 წელში შესანიშნავ პროგრესს მიაღწია, თუმცა, კიდევ ბევრია გასაკეთებელი“, – განაცხადა დეგნანმა.