კელი დეგნანი - ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი
კელი დეგნანი - ოქტომბრის არჩევნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი

საქართველოში დაგეგმილი ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რომელმაც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ გააკეთა კომენტარი.

მისი თქმით, აშშ-სა და საქართველოს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი აქვთ.

„ყოველთვის ძალიან პოზიტიური და სასარგებლოა, როდესაც ჩვენი ლიდერები საუბრობენ. ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ფართო დღის წესრიგი. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ასეთი კომუნიკაცია რეგულარულად გვქონდეს, რაც გვაქვს კიდეც სხვადასხვა არხის საშუალებით.

რა თქმა უნდა, ოქტომბრის არჩევნები ძალიან დიდ ინტერესსა და ყურადღებას იწვევს. ეს არის საქართველოსთვის შესაძლებლობა, აჩვენოს ერთგულება დემოკრატიული პროცესებისადმი. თავისუფალი, გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნები, ამომრჩევლის მოსყიდვისგან თავისუფალი, ამომრჩეველზე ზეწოლისგან თავისუფალი, არის საუკეთესო გზა, რომ საქართველომ აჩვენოს თავისი დემოკრატიული პროგრესი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.