კელი დეგნანი - ნატო-ში გაწევრიანება უმაღლესი სტანდარტების დაცვას მოითხოვს
კელი დეგნანი - ნატო-ში გაწევრიანება უმაღლესი სტანდარტების დაცვას მოითხოვს

ნატო-ში გაწევრიანება უმაღლესი სტანდარტების დაცვას მოითხოვს, – ეს განცხადება საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, კელი დეგნანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას, სენატორების კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.

„ნატო-ს ძალიან მაღალი სტანდარტები აქვს და ალიანსში გაწევრიანება რთული პროცესია. ეს ასეც უნდა იყოს, თუმცა მე ვმუშაობდი ნატო-ში და ვიცი, რომ საქართველომ ეს მოლოდინები ძალიან კარგად იცის და ამავე დროს საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში და ასევე ბევრს მუშაობს პოლიტიკური სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ჩვენ მათ მხარს ვუჭერთ და ეს ასეც გაგრძელდება. ნატო-ს 2008 წლის დაპირება იმაზე მეტყველებს, რომ მოკავშირეებიც უჭერენ მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას, თუმცა ეს ასევე დამოკიდებულია საქართველოზე, რომელმაც ძალიან მაღალი სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს“, – განაცხადა დიპლომატმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლის გატარებაც საქართველოს მხრიდან აუცილებელია და ხაზი გაუსვა იმ პოზიტიურ დამოკიდებულებას, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი.

„საქართველოში უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, პლურალისტული საკანონმდებლო ორგანო, მრავალფეროვანი მედია, სივრცე სამოქალაქო საზოგადოებისთვის, რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. საქართველოს პოზიტიური დამოკიდებულება ნატო-სადმი ციფრებშია ასახული; საქართველოს მოქალაქეთა 70% მხარს უჭერს ნატო-ში გაწევრიანებას და 75% ევროკავშირში შესვლას. საქართველოს საზოგადოება, ბევრი სირთულის მიუხედავად, მაინც ამ გზას ირჩევს. ჩვენ კი, უნდა დავეხმაროთ მათ საჭირო რეფორმების განხორციელებაში. აშშ-ი უნდა იყოს მტკიცე პარტნიორი და მხარდამჭერი. ჩვენი სამხედრო თანამშრომლობა იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად დიდი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი“, – განაცხადა ამერიკელმა დილომატმა.

სენატორის კითხვაზე, რამდენად ქმნის ე.წ. გაყინული კონფლიქტები იმის საფრთხეს, რომ ეს იქნება ბარიერი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე, ამერიკელმა დიპლომატმა უპასუხა, რომ „სწორედ ეს არის რუსეთის ამოცანა“.

„ეს რუსეთის იმედი და ამოცანაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამ კონფლიქტების გადასაჭრელად და ვაგრძელებთ ზეწოლას რუსეთზე, რომ მოსკოვმა 2008 წლის შეთანხმება შეასრულოს, რომ გამოვიყენოთ ჟენევის დისკუსიების ფორმატი და კონფლიქტის გადაჭრის გზები ვიპოვოთ. თავად საქართველოც რამდენიმე საინტერესო იდეით გამოვიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეების რეინტეგრაციისთვის, რომ მოქალაქეებს შორის კონტაქტები უფრო მეტად დამყარდეს. თუმცა ამ ყველაფერს დასჭირდება დრო, მაგრამ ეს ორი გზა, პირველი – ადგილზე გადავჭრათ პრობლემები და მეორე – საქართველოს დავეხმაროთ ევროინტეგრაციის გზაზე, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დეგნანმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის მოსმენა სენატში,  31 ოქტომბერს განახლდება.