კელი დეგნანი - მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც ექიმების თქმით, მას სჭირდება
კელი დეგნანი - მოვუწოდებთ მიხეილ სააკაშვილს, გაითვალისწინოს მისი ექიმების რეკომენდაცია, მიიღოს სამედიცინო დახმარება, რომელიც ექიმების თქმით, მას სჭირდება

მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს სამედიცინო მკურნალობას, რომელიც ექიმების თქმით, მას სჭირდება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ კვლავ აქტიურად აკვირდება მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

მისი თქმით, ახლა საჭიროა, ყურადღება მიექცეს პრიორიტეტებს სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურად კარგად ყოფნასთან დაკავშირებით.

„ჩვენ კვლავ შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამედიცინო ჯგუფის შეფასების შემდეგ, რომ ის მძიმე რისკის წინაშეა და სჭირდება სასწრაფო მკურნალობა, ასევე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადების, რომ გლდანის ციხის მეთვრამეტე ჰოსპიტალი არ არის საკმარისი, ჩვენ ვურჩევთ მთავრობას, უზრუნველყოს, რომ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იყოს უზრუნველყოფილი სამედიცინო მომსახურებით, რაც მას სჭირდება სრულად აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში.

ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სააკაშვილს, მიიღოს მისი ექიმების რეკომენდაციები და დათანხმდეს სამედიცინო მკურნალობას, რასაც ექიმები ამბობენ, რომ მას სჭირდება. ეს აშკარად მგრძნობიარე და ემოციური სიტუაციაა. ახლა საჭიროა, პრიორიტეტებს მიექცეს ყურადღება სააკაშვილის ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და ფიზიკურად კარგად ყოფნასთან დაკავშირებით. ჩვენი აქტიური რეკომენდაცია მთავრობის მიმართ არის, უზრუნველყოს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის დაცვა, რაც მას სჭირდება. მას უნდა მოექცნენ სამართლიანად, ღირსეულად და საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, დაიცვას პატიმრები ძალადობისგან და უზრუნველყოს მათთვის სამედიცინო მომსახურება და უსაფრთხოება“, – აცხადებს კელი დეგნანი.