კელი დეგნანი - მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ, მხარეებმა იციან შეთანხმების პირობები, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ და ქმნის უკეთეს შესაძლებლობას მეტი პლურალიზმისთვის
კელი დეგნანი - მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ, მხარეებმა იციან შეთანხმების პირობები, რომლებიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ და ქმნის უკეთეს შესაძლებლობას მეტი პლურალიზმისთვის

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეულ 8 მარტის შეთანხმებასთან და მის სრულად შესრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ეფუძნება ჩვენს საერთო ერთგულებას, დემოკრატიის მდგრადი ეკონომიკური ზრდის და საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას. კორონავირუსმა ვერ შეაჩერა ჩვენი მუშაობა, აქტიურობა ამ მნიშვნელოვანი მიმართულებებით.

ჩვენ მოვუწოდებთ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მხარეებმა იციან ამ შეთანხმების პირობები, რომელიც მიმართულია პოლიტიკური სპექტრის დეპოლარიზაციისკენ და ქმნის უკეთეს გარემოს და შესაძლებლობას უფრო მეტი პლურალიზმისთვის“,- განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, ელჩმა აღნიშნა, რომ გრძელდება საქართველოს პარლამენტთან საარჩევნო რეფორმებზე თანამშრომლობა, რაც მნიშვნელოვანია, რათა არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს.

„ამ თანამშრომლობის ფარგლებში აშშ უზრუნველყოფს რეკომენდაციებისა და რჩევების გაცემას საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, რათა ეუთო-ს რეკომენდაციები სრულად იყოს ასახული კანონმდებლობაში.

ეს რეკომენდაციები არის სპეციალურად შექმნილი, რათა პასუხი გაეცეს იმ ხარვეზებს, რასაც ადგილი ჰქონდა წინა არჩევნებზე და შესაბამისად ხელი შეუწყოს უფრო სანდო, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ოქტომბერში.

ამასთან დაკავშირებით პარლამენტის სპიკერმა გამართა რამდენიმე ინკლუზიური მოსმენა გასული თვეების განმავლობაში, სადაც განიხილებოდა საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობის ბოლო ვერსია და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ აღნიშნული ვერსია მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

თუმცა რჩება გარკვეული ხარვეზები, რასაც უნდა გაეცეს პასუხი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ბოლო ვერსია უკვე კანონმდებლობის ასახავს ექსპერტთა რეკომენდაციებს და იქნება უფრო უკეთესი რეგულაციები იმ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიც არის ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების არასწორად გამოყენება, ასევე საარჩევნო დავების გადაწყვეტა და ცესკო-ს დაკომპლექტება და ა.შ.

ასევე მსურს აღვნიშნო, რომ ჩვენთვის პრობლემატურია ის ახალი რეგულაციები, რაც უკავშირდება საარჩევნო მონაცემების გამოქვეყნებას, რამაც შეიძლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შეზღუდოს ამომრჩევლებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.