კელი დეგნანი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი, ეს საქართველოსთვის გააკეთეთ
კელი დეგნანი - მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი, ეს საქართველოსთვის გააკეთეთ

დაშინებასა და ძალადობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოხსენებას გავეცანი, აღმაშფოთებელია იმის მოსმენა, რომ ადამიანებს აშინებენ, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ამომრჩეველზე ზეწოლას შეეხებოდა.

დეგნანის განცხადებით, ასეთი ქმედებები საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ჩრდილს მიაყენებს.

მან პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, უზრუნველყონ, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი.

„დაშინებასა და ძალადობასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოხსენებას გავეცანი. აღმაშფოთებელია იმის მოსმენა, რომ ადამიანებს აშინებენ. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მსგავსი ქცევა საქართველოს არჩევნებს ჩრდილს მიაყენებს. კარგია, რომ გვყავს საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რომლებიც უკვე კარგად აკვირდებიან და აფასებენ, რა ხდება და ისინი დაკვირვებას გააგრძელებენ. როგორც წესი, საელჩო არჩევნების დღეს განალაგებს საკუთარ წარმომადგენელებს საქართველოს ტერიტორიაზე, რომ გაზარდოს იმ დამკვირვებლების რაოდენობა, რომლებსაც სურთ, დაეხმარონ საქართველოს გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში. გუშინ აქ დავესწარი საარჩევნო კამპანიის გახსნას, რომელიც გერმანიის, ნიდერალანდების და „იუესაიდის“ მხარდაჭერით გაიხსნა. სწორედ ასეთი ხერხები დაეხმარება ქართველებს პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებასა და იმის გაგებაში, რას სთავაზობენ ისინი, როგორ გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი. სწორედ ასე უნდა ტარდებოდეს არჩევნები და არა – დაშინებით. როგორც ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს ამ ფაქტებს და დაადგინა, რომ ამაში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიაა ჩართული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, უზრუნველყონ, რომ ეს არჩევნები იყოს გამჭვირვალე, სამართლიანი და თავისუფალი. ეს საქართველოსთვის გააკეთეთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

დატოვე კომენტარი