კელი დეგნანი - მოხარული ვართ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ეფექტურად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს
კელი დეგნანი - მოხარული ვართ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ეფექტურად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს

ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ძალიან ეფექტურად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს, – ამის შესახებ  საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელსაც აშშ უზრუნველყოფს საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით.

„ცოტა უჩვეულო ფორმატია, თუმცა მოხარული ვარ, რომ მაქვს თქვენთან საუბრის შესაძლებლობა, საქართველოში ჩემი ჩამოსვლის სამი თვის თავზე. დღეს ვისაუბრებ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე და იმ დახმარებაზე, რასაც აშშ უზრუნველყოფს საქართველოსთვის „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით. მოგეხსენებათ, აშშ უძღვება გლობალურ ძალისხმევას „კოვიდ-19“-ზე რეაგირების კუთხით, მაშინ, როდესაც თავადაც ვირუსს ებრძვის. ამ ძალისხმევის ფარგლებში მან უზრუნველყო დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის გამოყოფა ჯანდაცვის, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარებისთვის, დამატებით იმ თანხებისა და ფინანსების, რაც მან უკვე უზრუნველყო სხვადასხვა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მუშაობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ეხმარებიან ადგილობრივ თემებს პანდემიასთან გამკლავებაში“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, აშშ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოსთან ჯანდაცვის მიმართულებით.

„ჩვენ ძალიან მოხარული ვართ, რომ საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემა ძალიან ეფექტიანად და მარჯვედ, პასუხისმგებლიანად ართმევს თავს შექმნილ კრიზისს. მოგეხსენებათ, აშშ წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საქართველოსთან ჯანდაცვის მიმართულებით და ამ თანამშრომლობის მიზანი გახლდათ, პროფესიონალური მაღალი სტანდარტების საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის შექმნა, რომელსაც შეეძლებოდა ასეთ საფრთხეებზე ეფექტურად რეაგირება. ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში დაახლოებით 140 მილიონი დოლარის ინვესტიცია, დახმარება განხორციელდა და სწორედ ამავე სულისკვეთებით, ამავე შემართებით აგრძელებს შეერთებული შტატები საქართველოს დახმარებას კორონავირუსის კრიზისთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი