კელი დეგნანი - მოხარული ვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდა, ველოდებით საარჩევნო სისტემის კანონმდებლობის დამტკიცებას
კელი დეგნანი - მოხარული ვართ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდა, ველოდებით საარჩევნო სისტემის კანონმდებლობის დამტკიცებას

აშშ მოწოდებულია, რომ საქართველოს დაეხმაროს მისი დემოკრატიული მიზნების მიღწევაში, ჩვენ გვჯერა, რომ ძლიერი დემოკრატია არის ის, რაც ახდენს ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას და მოაქვს სტაბილურობა ნებისმიერი ქვეყნისთვის, მით უმეტეს ამ რეგიონის ქვეყნისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.

ელჩმა ოქტომბერში დაგეგმილ პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მრავალი მიმართულებით საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვაკუთხედი იქნება.

„ამერიკის ჩართულობა და დახმარების დონე ასახავს არა მხოლოდ საერთო ღირებულებებს და ინტერესებს, არამედ ასახავს საქართველოს ვალდებულებას პროგრესისადმი, მის სურვილს, შეასრულოს ის სამუშაო, რასაც მოითხოვენ მისგან.

ჩემი აზრით, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც საერთაშორისო პარტნიორებს სურთ, საქართველოს წარმატება ნახონ. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი წელი. როგორც აღნიშნეთ, ოქტომბრის არჩევნები იქნება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის ქვაკუთხედი, მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, დეგნანი გამოეხმაურა საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას.

ელჩის თქმით, ცვლილებები პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის, კომპრომისის შედეგია.

„ძალიან მოხარული ვართ, რომ ორშაბათს საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდა. ეს იყო პოლიტიკური პარტიების თანამშრომლობის შედეგი, მოლაპარაკებების, კომპრომისზე წასვლის შედეგი და შეთანხმება იმაზე, თუ როგორი საარჩევნო სისტემა ექნება საქართველოს წელს, როგორი იქნება ოქტომბერშიც და მომავალაშიც.

ასევე, ხაზი გაესვა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასა და მართლსაჯულების სისტემის პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის ვალდებულებას.

ველოდებით ამ კვირაში საარჩევნო სისტემის კანონმდებლობის დამტკიცებას, რომელშიც გათვალისწინებულია ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რაც ოქტომბერში და სამომავლოდ თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.