კელი დეგნანი - აუცილებელია, მექანიზმების ეფექტიანი ამოქმედებით, მივაღწიოთ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღებული ვალდებულებები
კელი დეგნანი - აუცილებელია, მექანიზმების ეფექტიანი ამოქმედებით, მივაღწიოთ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღებული ვალდებულებები

ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა ფუნდამენტური საკითხია, აშშ ამ მიმართულებით საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე, აშშ მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებებს, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატია.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური საკითხია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენა. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს საქართველოს მხარს. ასევე, მხარს უჭერს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატს, რაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი და მოგვიანებით, როგორც ვიცი, მოხდება პირისპირ შეხვედრები და მსჯელობა ამ ფორმატის გაგრძელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, დეგნანმა ისაუბრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების აღდგენასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ისეთი საკითხები, რომლებიც ეხება ადამიანების გატაცებასა და სხვა თემებს, რაც წამოიჭრება ხოლმე საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით, მათი უფლებების დარღვევის კუთხით, ამგვარ შეხვედრებზე გადაწყდეს.

კელი დეგნანი ამბობს, რომ აუცილებელია, მექანიზმების ეფექტიანი ამოქმედებით მიაღწიონ იმას, რომ რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღებული ვალდებულებები შეასრულოს.

„მექანიზმები, რა თქმა უნდა, არსებობს და მათი ეფექტური ამოქმედებით, აუცილებელია, მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. როგორც უკვე აღვნიშნე, მექანიზმები არსებობს. მთავარია, რომ რუსეთი დაექვემდებაროს და შეასრულოს ის ვალდებულებები, რაც მას აღებული აქვს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.