კელი დეგნანი - კომპლიმენტს ვეუბნები გორის მოსახლეობას იმისთვის, როგორ დგანან ერთად ამ სიტუაციაში და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს
კელი დეგნანი - კომპლიმენტს ვეუბნები გორის მოსახლეობას იმისთვის, როგორ დგანან ერთად ამ სიტუაციაში და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი შიდა ქართლში იმყოფება. ელჩი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალს სტუმრობდა. კელი დეგნანი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს, ნათია ლოლაძეს და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელს სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევას შეხვდა.

ამერიკის ელჩი გაესაუბრა საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებს. შეხვედრაზე ისაუბრეს გორის ფილიალის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობაზე.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩი კელი დეგნანი უკვე შეხვდა გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს და შიდა ქართლის გუბერნატორს, გიორგი ხოჯევანიშვილს. Covid-19-ის პანდემიის გავლენა ქალაქსა და რეგიონზე, მოახლოებული არჩევნების სამზადისი და ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციის ქმედებების ზეგავლენა ადგილობრივ მოსახლეობაზე – ეს არის თემები, რომელზეც ელჩმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ისაუბრა.

„ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. ეს ჩემი პირველი ვიზიტია გორში. აქ ჩამოსვლა ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა მერ თავზარაშვილთან და გუბერნატორ ხოჯევანიშვილთან. ჩვენ ვისაუბრეთ კოვიდის გავლენაზე, დამამწუხრებელ გარემოებაზე, რაც შექმნილია ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე და ამ რეგიონში ქართველების გაყოფაზე. ასევე ვისაუბრეთ მომავალი არჩევნების მზადებაზე და ვიცი, რომ ყველა იწყებს მომზადებას. მქონდა შესაძლებლობა, ვწვეოდი საქართველოს წითელი ჯვრის ოფისს და მენახა მოხალისეების შთამბეჭდავი მუშაობა. აშშ ამაყობს, რომ მუშაობს საქართველოს წითელ ჯვართან ერთად, რათა პანდემიის დროს, ამ უპრეცედენტო საგანგებო ვითარებისას დახმარება უზრუნველყონ. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და გვესაუბრა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე. სამოქალაქო საზოგადოებები ზრუნავენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობის ყველა ხმა გაგონილ იქნას და გათვალისწინებული იყოს, როდესაც კანონმდებლობა და ამ რეგიონის განვითარების გეგმები იქმნება. შთაბეჭდილების ქვეშ ვარ გორში და რეგიონში არსებული დინამიზმით. კომპლიმენტს ვეუბნები მოსახლეობას იმისთვის, თუ როგორ დგანან ერთად ამ სიტუაციაში და როგორ ეხმარებიან ერთმანეთს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.