კელი დეგნანი ინიცირებულ კანონპროექტზე - ვფიქრობ, სურათს ფართოდ უნდა შევხედოთ, ერთი მხრივ, საუბარია 15 პროცენტზე, მაგრამ საქართველოსთვის გამოყოფილია 135 მილიონი დოლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა
კელი დეგნანი ინიცირებულ კანონპროექტზე - ვფიქრობ, სურათს ფართოდ უნდა შევხედოთ, ერთი მხრივ, საუბარია 15 პროცენტზე, მაგრამ საქართველოსთვის გამოყოფილია 135 მილიონი დოლარი, რაც საკმაოდ დიდი თანხაა

ვფიქრობ, სურათს ცოტა უფრო ფართოდ უნდა შევხედოთ. ერთი მხრივ, საუბარია 15 პროცენტზე, მაგრამ გამოყოფილი თანხა 135 მილიონი დოლარია. ეს საკმაოდ დიდი თანხაა, მოცულობით მეორე ადგილზე ევროპის ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კელი დეგნანმა უპასუხა კითხვას: „კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი დახმარების 15 პროცენტის შეჩერებას თუ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დემოკრატიული მიმართულებით გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. რამდენად რისკის შემცველია ეს კანონპროექტი საქართველოს მთავრობისთვის?“.

დეგნანის თქმით, კონგრესმენებს აქვთ სურვილი, იხილონ წარმატებული და განვითარებული საქართველო, ამავდროულად გააჩნიათ კითხვები.

„გასაგებია, რომ დიდი ინტერესი და სურვილი აქვთ კონგრესის წევრებს, იხილონ საქართველოს წარმატება. საქართველო მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო, არამედ იმითაც, თუ ამ წლების განმავლობაში, როგორ უჩვენა ერთგულება დემოკრატიული პრინციპების მიმართ და იმის მიმართ, თუ რისი გაკეთება შეუძლია, რა ნაბიჯები შეუძლია გადადგას დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისთვის. დავამატებდი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯია და სერიოზულად უნდა იყოს აღქმული.

კონგრესმენებს ერთი მხრივ აქვთ სურვილი, იხილონ წარმატებული და განვითარებული საქართველო, მაგრამ მეორე მხრივ აქვთ კითხვები, ამავდროულად არიან ანგარიშვალდებული თავიანთი ამომრჩევლის, გადასახადების გადამხდელთა წინაშე. ისინი უნდა იყვნენ დარწმუნებული, უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ აღნიშნული ინვესტიციები სწორად, პასუხისმგებლიანად იხარჯება და ემსახურება საქართველოს, როგორც ამერიკის დემოკრატიული პარტნიორის განვითარებას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვკარნახობთ, რა, სად და როგორ უნდა დაიხარჯოს, თუმცა გვინდა დარწმუნებული ვიყოთ, რომ ეს თანხები ხმარდება იმ გზას, რაც საქართველოს აქვს არჩეული – ეს არის სვლა ძლიერი დემოკრატიისა და დასავლური ინტეგრაციისკენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.