კელი დეგნანი - იმედგაცრუებული ვიყავით, რომ პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გააგრძელა, ვიმედოვნებ, გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები
კელი დეგნანი - იმედგაცრუებული ვიყავით, რომ პარლამენტმა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გააგრძელა, ვიმედოვნებ, გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, ძალიან იმედგაცრუებული იყვნენ, რომ პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი გააგრძელა.

ელჩის თქმით, მისთვის ძნელი გასაგებია, რატომ გახდა საჭირო დანიშვნების პროცესის დაჩქარება.

„ისე, როგორც ჩვენი განცხადებიდან ხედავთ, ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ პარლამენტმა ეს პროცესი გააგრძელა. უნდა ვთქვა, რომ ძნელი გასაგებია, რატომ იყო საჭირო ამ დანიშვნების დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული იყო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი სხვა გამოწვევა უგულებელყოფილია. რატომ გახდა ეს საკითხი პრიორიტეტული, როცა ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დგას? ეს დამაბნეველია და ძალიან იმედგამაცრუებელია“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.

კელი დეგნანის შეფასებით, მოსამართლეები არაგამჭვირვალე პროცესის შედეგად დაინიშნენ. ელჩის განცხადებით, იმედი აქვს, გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაზეც პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ.

„ახლა ჩვენ გვყავს კიდევ ოთხი მოსამართლე, რომლებიც დაინიშნენ არაგამჭვირვალე პროცესით. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ. სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელზეც მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, გულისხმობდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული იყვნენ, რომ სასამართლოებში მოსამართლეები არიან კვალიფიცირებული, ეთიკურები, მიუკერძოებლები. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მალე და გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დატოვე კომენტარი